შალვა პაპუაშვილი - მიუღებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, პარტნიორები ასე არ იქცევიან
აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების მიმართ პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, პარტნიორები ასე არ იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.
„საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სხვადასხვა ცხელ წერტილში, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საერთაშორისო მშვიდობა ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭირო არის ჩვენი პარტნიორობა, თანადგომა, ამას ვიჩენთ, მათ შორის იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. უკან როდესაც იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ უმოკლეს ვადებში ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო, მათ შორის ის, რომ პროცესი მთლიანად ყოფილიყო ორგანიზებული. ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება ხდება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები. ამავე დროს, იმ კონტექსტში, რომ არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა არ ხდება. არის მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე, რაც ყველამ ვიცით და ვერავინ ამბობს, რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი იმედგაცრუება. ამას გარდა, ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი თუ მიზანი, ვხედავთ, რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით. სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და სარგებლობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. ამიტომ ასეთი მოქმედება თავისთავად ძალიან იმედგამაცრუებელია. აშშ 30 წელზე მეტია, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა. ჩვენ ვნახეთ გუშინ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა. როდესაც მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს და ეძახიან კორუმპირებულებს, ქართველი ხალხი იმსახურებს, მტკიცებულებები წარმოადგინონ მათ, რომლებიც ამას აკეთებენ და იარლიყს აწებებენ საქართველოს მოქალაქე მოსამართლეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.