„ატარებს სადამსჯელო ხასიათს“ - კოალიცია მედიააკრედიტაციების შეჩერებაზე
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
„ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა, მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.
ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.
ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავასა და ოპერატორ ზურაბ ჩხვირკიას საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა.
გუშინ, 6 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე მიზეზით აკრედიტაცია შეუჩერეს „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
პარლამენტის აპარატმა 5 მარტს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილსაც შეუჩერა აკრედიტაცია. მისთვის აკრედიტაციის გაუქმება 2 მარტს პარლამენტში გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.