Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ხარების მადლი და მგლის თავზე სახარება ანუ აღმა მოდუდუნე მტკვარი და დაღმამოწუწუნე ნაციონალები


katya

2.790 views

blog-0428038001365357284.jpgყოველი უდარდელი კვირა საღამოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ორშაბათის პირქუში აჩრდილი. მაგრამ ჯერ ისევ კვირაა, „მძიმე ორშაბათამდე“ მთელი საღამო და მთელი ღამე, ასე რომ, ჯერ კიდევ ამ კვირის მოვლენებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ...

ვიდრე ტალღის ქიმზე მოვექცეოდეთ, ამ ხარება დღეს ერთი გასახარელი ამბავი უნდა გახაროთ – მტკვარი არც კალაპოტს შეიცვლის და არც დინების მიმართულებასო! ვინ თქვა და ენერგეტიკის მინისტრმა. კალაძემ ამ განცხადებით, მიზეზიან– მოზუზუნე უმცირესობას ნიშნიც მოუგო და ცნობისმოყვარეობაზეც, დელიკატურობის ფარგლებში, მიუგო...

სხვათა შორის, კალაძე თავისი გულწრფელობის და მონდომების გამო, თვით თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქის“ „პოსტის“ გმირიც გახდა და მისი ქებაც დაიმსახურა –„ ჯერ-ჯერობით ერთადერთი მინისტრია, რომელიც ყველა კითხვაზე გულწრფელად ცდილობდა პასუხის გაცემას და არ იწყებდა "9 წელი რომ ხალხს სისხლს სწოვდით..." - ო.

მართალია, ამ შეხვედრაზე პარლამენტარი გოგორიშვილიც გულწრფელად ცდილობდა კომპეტენტური და კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის „რაღაც“ დააკლდა. სამაგიეროდ, კობა სუბელიანი, სხვა დანარჩენ „სისუსტეებთან“ და მავნე ჩვევებთან ერთად, შურიანიც აღმოჩნდა. მას გულწრფელად შეშურდა ალეკო ხეთაგურის, რომელსაც გაუმართლა „მემკვიდრეში“.

დაინახოს და აღიაროს სუბელიანის მიღწევები, ნაშრომი და ნაწვალები ვინმემ, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა! ასე რთულია ეს?.

უმადურობა დაღუპავს სამყაროს და ნაციონალებს საკუთარი ქვაზე დადებული მადლი.

უმადურები რომ არ იყვნენ, ვაშაძის გულწრფელი აღშფოთების არ იყოს, –"რა დროს რაბათის სახურავია?!" ..“ასაშენებელია ცოტა, დასასაქმებელია ცოტა?! აგერ ხალხს პრობლემები აქვს. მოახმაროს თავის ენერგია მთავრობამ იმას, რომ დაპირებები შეასრულოს და ხალხს ყოველდღიური ცხოვრება შეუმსუბუქოსო!“.

გვაპატიეთ, ბატონო გიორგი, ასე რომ შემოგეჭერით მოქალაქეობრივ რიტორიკაში, მაგრამ, ამას მართლა გულწრფელად ამბობთ თუ იმ საზიზღარმა ქვეცნობიერმა აგალაპარაკათ?

ვანოსი სადღაც მესმის – ხბო დაუკლავს, გაუტყავებია, ჩამაუკიდნია, მაგრამ, თქვენ? „იუსტიციის სახლის“ წარმატებულ პროექტსაც ვერ დაიბრალებთ, იმიტომ რომ იდეის ავტორიც გასაჯაროვდა და მაგ „სახლის“ მინუსებიც..

ვანო – უმცირესობად დეგრადირებული უმრავლესობის ხერხემალი და ნაციონალიზმის მწვერვალი – ქმნის მოძრაობას „რაბათის გადასარჩენად.“

მოძრაობის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა, ღვედები მაინც შეიკარით, „ინკვიზიციას“ არ სძინავს... ერთი საგულისხმო ფაქტი – ვანომ სიტყვა „ინკვიზიცია“ იმდენად გამართულად წარმოთქვა პირველივე ცდაზე, მგონი თავადაც გაუკვირდა...

აღიარეთ! ვერ სცოდნია კარგი მართვა, ვინც გუბაზის კაბინეტის ოპერაცია დაგეგმა. ამოდენა გუბაზს იმოდენა წებოვანი ლენტი, ე.წ. სკოტჩი დააკავებდა?

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაედებაო– გოკამ. ჰოდა, ვიღაცეებს წითელიც აენთებათ, ალბათ... რა ვიცი, ერთი ცნობილი ქართული ფილმის ეპიზოდში ეგრეა და...

დავით უსუფაშვილზე რომ ოპოზიციამ პროცედურული თავდასხმა განახორციელა, არც ეგ ფაქტი დაიკარგება სამყაროში. რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა – „რესპებით შეშინება“ და რა შველის მაგას ლეიბორისტებით გამოლოცვა თუ სოროსის დაფინანსებული იეღოველების კონგრესიდან წამოღებული თეფშის ნატეხი, ჯერ ვერ დავადგინე.

ჩემგან განსხვავებით, ქალბატონმა მანანა კობახიძემ კი დაადგინა და ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი ობშორულ ზონებში არანაირ კომპანიებს არ ფლობს, მაგრამ, მე და კიდევ ზოგიერთ კომპეტენტურ ექსპერტს თუ კითხავთ, ოფშორში ბიზნესი სულაც არაა კრიმინალი..

მე მაგალითად ისიც არ მჯერა, ქალბატონ მაია მწარიაშვილს გია გეწაძესთან მეგობრობას რომ აბრალებენ, მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც სჯერა?

ხვალ, საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები „დაეცემიან“ და შესაბამის დასკვნასაც გამოაცხობენ. ამასობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსიც გავა ფინიშზე და რაღაცა უკეთესობაც წამოგვეწევა გზაში...

ნაძალადეველები დიდ საგონებელში ვართ ჩავარდნილი გიორგი გუგავას გამო. თამარ კორძაიას რომ ტელე-დებატებში იწვევდა, ნეტავ რა უნდოდა? გუგავას ნაფიქრალს და ტკივილს ყველა ვერ იგრძნობს და ვერ გაიგებს და ამითაც იქნება ეგ ბედნიერი.

დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში – ბატონმა ჩიტიშვილმა, გუშინ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიმდევარი, მხარდამჭერი და კეთილმოსურნეა, რომ აქვს პატრიარქის და ბატონი ბიძინას კეთილგანწყობა, ცხოვრობს ეკლესიურად, სურს თავისი ფინანსები და სხვა შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებშიც მთელი ნაძალადევის მოსახლეობას გულისხმობს...

ამის მოსმენის შემდეგ, უნებურად ჩნდება კითხვა – რა აუცილებელია ამ კეთილშობილური საქმეებისთვის მისი პარლამენტში ჯდომა? ქველმოქმედებას იმუნიტეტი არ სჭირდება დღეს, რამდენადაც ვიცი, არც რელიგიურობას და არც ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რეგულირდება მაინც და მაინც კანონშემოქმედებით სივრცეში. ისე, სად იყო ამდენხანს , ასეთი ბაჯაღლო თუ გვყავდა ოჯახში ნაძალადეველებს?!.

ნაციონალების ზოიამ, დამიქვითეთ ხელფასი, არ მეშინიაო! არ უნდა ქალს „ცირკში“ მუშაობა თურმე და რატომ ერჩიან? წესით, ყოფილ უმრავლესობას არ უნდა უჭირდეს საკუთარი უშტატო სპიკერისთვის ერთი სათადარიგო მიკროფონი, განახლებად ენერგიაზე მომუშავე...

 

აი ნანა ყეინიშვილს კი ყველა მიკროფონი უნდა გადაუმალონ მაგ შენობაში საგულდაგულოდ და შენობის გზასაც თუ გადაავიწყებენ, მთლად უკეთესი, ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა...

ყეინიშვილის გამოსვლაზე იცინოდნენ - ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიამ საჯაია, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი და მეც...

ეს ჩვენი გზაკვალარეული პრეზიდენტი ხარება დღეს თურქებს რომ არ სტუმრებოდა, ალბათ ეშმაკი მიატოვებდა გაჭირვების ჟამს. თუმცა, საღამოს მაინც მოასწრო სოციალურ ქსელში მართლმადიდებლებისთვის მოლოცვა, ალბათ ურჩია ვინმემ...

სამაგიეროდ, დედაქალაქში, კანცელარიის წინ 2 ძალა აქტიურობდა დღეს – აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგენი. საინტერესო ის იყო, რომ ერთი მხარე სიცოცხლის უფლებას იცავდა და მეორე – ქალთა უფლებებს. არადა, ქალი სიცოცხლის საწყისი რომაა მაგას ჩვენ ჯერ კიდევ საბავშო ბაღში გვასწავლიდნენ...

პ.ს.

მესმის, რომ იმ სამყაროში, სადაც ოცნებები სრულდება, რთულია ისეთი ქვეყნის მართვა, სადაც ადამიანები მეზობლის ძროხის სიკვდილზე ოცნებობენ...

ორიენტირება მხოლოდ სივრცეშია შესაძლებეი და არა სიცარიელეში...

ისიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვიდრე სხვისთვის სულში ჩაფურთხებას გადაწყვეტ, წესით, ქარის მიმართულებაც უნდა აკონტროლო და ვიდრე რამეს იტყვი, კიდევ ერთხელ გადაამოწმო კავშირი ენას და ტვინს შორის...

ხარების მადლი და სიხარულის უნარი არ გამოგლეოდეთ ადამიანებო!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...