Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა


საქართველოს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ მათ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა.

აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას და „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს.

წერილში, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტიდან მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ დაარღვიეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არ ჩაწეროს ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, აპარატის თანამშრომელთან ან მოწვეულ პირთან, თუკი რესპონდენტი ამაზე უარს აცხადებს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება აკრედიტაციის ახალი წესების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შესაშლელად“, — მიიჩნევს ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. ის მიმართავს სახალხო დამცველს, მოახდინოს რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ აღუდგეს პარლამენტში საქმიანობის უფლება ჟურნალისტსა და ოპერატორს.

პარლამენტის მხრიდან ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ჟურნალიტური ეთიკის ქარტია — ორგანიზაცია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს.

„აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს“, — აცხადებს ქარტია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას.

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ,არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.“


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით მიღებული მედიის შემზღუდავი ბრძანება 1 მარტიდან ამოქმედდა. ამ ბრძანების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცემას  მხოლოდ სამი ჟურნალისტი შეუძლია ჰყავდეს და იმ შემთხვევაში, თუკი მათ აკრედიტაცია შეუჩერდებათ, მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...