Jump to content
Planeta.Ge

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქე არ შემოუშვეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება, მედიასთან ადასტურებს, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს.

ლილუაშვილი ამბობს, რომ ქომინსი, „შესაძლოა [პიტერ] აკერმანზე უარეს [საქმიანობას] ეწეოდა“, რაზეც, მისი თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს“.

შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა უწყებას აშშ-ის საელჩო ამ საკითხზე, ლილუაშვილი პასუხობს:

„აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. სავარაუდოდ, ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით“, – ამბობს ის.

ლილუაშვილის თქმით, მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს მას შემდეგ, რაც მხილებულ იქნა, რომ ის მონაწილეობდა მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში.

„აკერმანის შემოსვლა ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასევე არ შემოვუშვებდით ბატონ აკერმანსაც…[ეს ადამიანი არ შემოვუშვით] მას შემდეგ, რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც ის იყო წარმოდგენილი. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ.

სანქციები პირდაპირ კავშირშია ამ არშემოშვებასთან თუ არა, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ლილუაშვილს ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება დაწყებული „ფრანკლინის კლუბზე“, რაზეც ის ამბობს, რომ „ახალი გამოძიების დაწყებას არ ადასტურებს“, თუმცა არის საკითხები, რომელთაც სუსი სწავლობს.

სამთავრობო პროპაგანდისტები დღეს მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეისონ მარშალ ქომინსი საქართველომ ქვეყანაში არ შემოუშვა. ისინი ქომინსს „ახალ აკერმანს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ის ატრენინგებდა მარტის აქციების ორგანიზატორებს, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წევრებს. ისინი ასევე მიუთითებენ ქომინსის შემოსვლის აკრძალვასა და სახდეპის სანქციების შესაძლო კავშირზე.

სოციალურ ქსელში დაწერილ ამ სტატუსებს აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო მედიებიც.

მარშალ ქომინსის ოფისის საიტზე დაყრდნობით, მარშალ ქომინსი არის ექსპერტი კრიზისის მენეჯმენტში, სტრატეგიულ კონსულტაციაში, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში.

2022 წლის აპრილში ბაკურიანში პიტერ აკერმანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტრენინგი ჩაატარა. ის წარმოადგენდა არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა ტირანიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არაძალადობრივად ბრძოლის ფილოსოფიაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

PUBLIKA

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...