ანრი ოხანაშვილი - დასანქცირება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ფაქტობრივად ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს - ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი
მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც.
მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ოხანაშვილის თქმით, „ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება, საინტერესო პროცესების მონაწილენი ვიქნებით".
მისი თქმით, მათ ექნებათ კომუნიკაცია პარტნიორთან, რის შემდეგაც საზოგადოებას მიაწვდიან "ბევრ და საინტერესო ინფორმაციას".
„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში არ წაადგება, როცა სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. აქედან გამომდინარე გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ამ კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ბევრი სხვადასხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ხალხისთვის. უსამართლობა არის მძიმე რამ, როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ბრალი წარუდგინო, ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, არსებობს ბევრი სხვადასხვა ფორმატი კომუნიკაციის. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს, ჩვენ ყველას, პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს სიმართლე, რა მტკიცებულებებია, თუ არის მტკიცებულებები, თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია, რა ფორმით, როგორ ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ.
ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ყველას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. როცა საუბარია სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე, ეს უპრეცედენტო არის. 2012 წლამდე, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, საკითხების გაშლა, ჩვენ მზად ვარ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ. პირველ რიგში საჭიროა პარტნიორთან კომუნიკაცია, ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.