ლინას ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც“, - ამბობს ლინას ლინკევიჩუსი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი. მისი თქმით, ესაა მოწოდება „გამოღვიძებისკენ“:
„სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში“, - ამბობს კოფი და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამის „მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადადგას“.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.