Jump to content
Planeta.Ge

გრიგორიადისის დედა: სრული სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ლაზარეს დედა


7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მის შვილზე გული შესტკივა. ვიდეომიმართვა მან "TV პირველს" გაუგზავნა.

"მე ვარ თამთა კალანდაძე - ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს", - ამ სიტყვებით იწყებს ლაზარეს დედა ვიდეომიმართვაში საუბარს.

ის ასევე ლაპარაკობს იმ მიზეზებზე, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი შვილის დაკავების წინაპირობა.

"ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული და მის ამ შინაგან გამოძახილს რა შეაჩერებს, ხალხო?!.

ალბათ ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს, წესით, ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი", - ამბობს თამთა კალანდაძე.

გრიგორიადისის დედა თითქმის ორწუთიან ვიდეოს მადლობის გადახდით ასრულებს:

"მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს, გულითადი მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე. ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა – ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა – სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ".

 

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

12 მარტს ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში 7-9 მარტის აქციაზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილს "სატანისტები" და "ანარქისტები" უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის ვაპატიებთ - ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ვიქნებით უკომპრომისო..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აპრილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, როცა საუბრობდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...