ვხედავ პოლიტიზირების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე
საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო.
ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.
პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯარო არის და არ მგონია რომ არსებობს დამატებითი საჭიროება უფლებრივი მხრივ აქ ჩარევისა.
მეორე მხრივ მე ვხედავ ამ საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს და თქვენს გამოსვლასაც, ქალბატონი სალომეს გამოსვლასაც სწორედ ეს შინაარსი გასდევს თან, რომ აქ გინდათ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ და ეს არის საფრთხე მათ შორის მართლმსაჯულებისთვის“,- აცხადებს პაპუაშვილი.
მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავდაპირველად მასთან ადვოკატი არ შეუშვეს, ასევე გრიგორიადისს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. მათივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.