გიორგი დუნდუა: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს. თუ ახალი კლინიკის აშენებაზეა საუბარი, ტერიტორია იძლევა ამის შესაძლებლობას - ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტს ვერ ვიგებთ“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვა მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეა.
„ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ აქ უნდა შეწყდეს მუშაობა, რაც აქ დასაქმებულებისთვის მიუღებელია. გვესმის, რომ გადანაწილებასა და ხელფასის შენარჩუნებაზეა საუბარი. გადანაწილება და ხელფასის შენარჩუნება კოლექტივის დაშლას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ აქ არ იქნება ის გუნდი, რომელმაც რესპუბლიკური საავადმყოფო შექმნა და აქამდე მოიტანა. შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს. თუ ახალი კლინიკის აშენებაზეა საუბარი, ტერიტორიაც იძლევა ამის საშუალებას. ავაშენოთ ახალი ამ ტერიტორიაზე, ვინ არის ამის წინააღმდეგი?! ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტს ვერ ვიგებთ. ჩვენ ამ კოლექტივს ვერ დავშლით. არც ვიცით, რამდენი წელი დასჭირდება ამ მასშტაბის კლინიკის აშენებას, უზარმაზარ კლინიკაზეა საუბარი. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარეშე რჩება, რომელიც 50 წელია მოსახლეობის სადარაჯოზეა. ძალიან დიდი საფრთხეა ეს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნავს დუნდუა.
მისივე თქმით, მედიკოსების ნაწილისთვის მიუღებელია ზაზა ავალიანთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დასწრება, თუმცა მაინც „ცდილობენ, რომ კონსტრუქციულობა შეინარჩუნონ“.
„შეხვედრა გუშინაც იყო, პარასკევსაც, ვცდილობთ კონსტრუქციულობა შევინარჩუნოთ. იმედი გვაქვს საერთო შედეგს მივაღწევთ“,- აღნიშნავს დუნდუა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს საჭიროებს, ხოლო, რაც შეეხება პერსონალს, აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე.
წყარო: IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.