საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების ბანკის 2023 წლის პროგნოზი, რომელიც ბანკის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ.
,,გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა.
2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს 6%-მდე განახევრება, ხოლო მომდევნო წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია. 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ექვივალენტით შემცირდება.
აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს მშპ-ს 5%-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ს 6%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, რაც 2024 წელს 11.2%-ს მიაღწევს. ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც სავარაუდოდ სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს.
კლიმატის ცვლილების გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ემისიების შესამცირებლად რეციკლაციისა და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის კუთხით სამუშაოები გასწია; გააძლიერა ტყის მართვა სუფთა ეკოსისტემის ხელშესაწყობად და ბიძგი მისცა მწვანე ტურიზმის განვითარებას. ქვეყანას ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს დეკარბონიზაციისგან - გლობალურ ბაზრებზე ემისიებით ვაჭრობით, რათა ენერგეტიკის ეფექტიანი მოხმარება წაახალისოს და დაბალი ემისიის მქონე კომპანიების შემოსავალი გაზარდოს.
მდგრადი ეკო და აგროტურიზმისთვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, აზიის განვითარების პროგნოზი საქართველოს მოუწოდებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. საგადასახადო წახალისება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო შესაბამისი პოლიტიკა ტრანსპორტის უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადასვლის მოტივაციას შექმნის. აღნიშნულში კერძო სექტორის ჩართულობაც დაეხმარება ქვეყანაში მწვანე და უფრო მდგრადი კერძო სექტორის განვითარებას.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.