სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს.
გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და ყველა ბრალდება პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება.
თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, მტკიცებულებებით ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება, ის არგუმენტები და ფაქტები, კი რაზეც დაცვის მხარე საუბრობს, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.