Jump to content
Planeta.Ge

რა ვადა მოითხოვა ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიურომ


7 მარტს თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის სამხარაულის ბიურომ მაქსიმალური ვადა, ერთი წელი მოითხოვა. ზაზა ბიღიაშვილს აქციაზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მიიღო ტვინის შერყევა და ამ დრომდე უჩივის ნევროლოგიურ გართულებებს.

რადიო თავისუფლებას სამხარაულის ბიუროში განუმარტეს, რომ დაშავებული დემონსტრანტის ექსპერტიზის პასუხისთვის მაქსიმალური ვადა დასახელდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჭიროა კომისიური ექსპერტიზა პირის გამოკვლევით და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, რაც გარე ექსპერტების ჩართვას გულისხმობს, ეს პროცესი კი დროში ხშირად იწელება.

"ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წელზე მალე არ შეიძლება არ იყოს დასკვნა", - გვითხრეს ბიუროს პრესსამსახურში.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ზაზა ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დასკვნა უნდა მოამზადოს: ერთი - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, რომელიც მარტის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებს სწავლობს და მეორე - თავად ზაზა ბიღიაშვილისთვის, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

ზაზა ბიღიაშვილის ოჯახმა 365 დღე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისთვის ხანგრძლივ ვადად მიიჩნია და მიმართა ალტერნატიულ ექსპერტს, რომლის ექსპერტიზის პასუხებსაც მიმდინარე კვირის ბოლოს ელოდებიან. ბიღიაშვილის ინტერესებს "სამართლიანი არჩევნები" იცავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა ლელა ხათრიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უფრო დეტალური კითხვები დაუსვეს ექსპერტიზას ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაზიანების შესაფასებლად, ვიდრე ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა.

"ჩვენს მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის დასმული კითხვები უფრო ვრცელი იყო. მათ ხანგრძლივი ვადები აქვთ და მაქსიმალური ვადა დაასახელეს და არ გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად იქნება დასკვნა", - გვითხრა ლელა ხათრიძემ.

ზაზა ბიღიაშვილის მეუღლემ, მაია გორგოშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაზიანების გამომწვევი მიზეზების გარდა, უნდა თქვას, რამდენად შეამცირებს ტრავმა მის შრომისუნარიანობას და იქონიებს გავლენას ცხოვრების ხარისხზე.

55 წლის კაცი დაზიანებული თვალით საპროტესტო აქციებამდე "თბილსერვისჯგუფში" დასუფთავების მანქანის მძღოლად მუშაობდა. ტრავმის შემდეგ ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას ის, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს.

"გაბრაზებული კი არა, გამწარებული ვარ!" - როგორ დაკარგა ზაზა ბიღიაშვილმა მხედველობა აქციაზე
რადიო თავისუფლება
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...