შალვა პაპუაშვილი ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო ინსტრუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პარლამენტში შეიტანოს საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს
რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს, ჩვენ, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, როდესაც განვიხილავდით რეგლამენტს, გაკეთდა ამ ინსტრუმენტის ანალიზიც და ჩანს, რომ, თუ არ ვცდები, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც გაზიარებული იქნა, საბოლოო ჯამში, სამი თუ ოთხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის აპარატი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს იმაში, რომ მოქალაქეთა წინადადებები განიხილოს, შედეგი კი არ არის, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.
პაპუაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ რაიმე რეგულაცია გაკეთდება, რომ პარლამენტს, მათ შორის, ზედმეტი ფინანსური ხარჯი არ ჰქონდეს.
„ძირითადად არის რამდენიმე მოქალაქე, რომელიც მომართავს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ერთსა და იმავე საკითხში და წინადადებაში ერთი სიტყვის შეცვლა და ხელახლა შემოტანა. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ბოროტად სარგებლობენ ამ უფლებით, რომ პარლამენტი დაკავდეს საკითხებით, რომლითაც, როგორც ჩანს, ისინი ერთ დეპუტატსაც ვერ პოულობენ, რომელიც შეუძლიათ, დაარწმუნონ და ის საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდეს ამ საკითხზე. მოვიკვლიეთ, დაახლოებით რა ჯდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა, ყველაზე მინიმალური დათვლითაც დაახლოებით 500 ლარი არის ღირებულება იმ შრომისა, რომელსაც გასწევს პარლამენტის აპარატის სხვადასხვა მოხელე თუ დეპუტატები. გაზიარების დონე არის ძალიან დაბალი. რიგ შემთხვევაში კურიოზული საკითხები გააქვთ ხოლმე საჯაროდ, თითქოს პარლამენტი განიხილავს ხან ჟანდარმერიის შემოღებას, ხან რას და ხან რას. ეს არის წრე, ალბათ ხუთი მოქალაქის, რომელმაც რატომღაც თავის ამოცანად დაისახა პარლამენტისთვის სხვადასხვა ასეთი სახის წინადადების წარდგენა. მე ძალიან უცნაურად მეჩვენება ეს ინსტრუმენტი. რამდენადაც ვიცი, არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ არის, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს, ფურცელზე დატანილი რაღაც იდეა წარადგინოს, რომელზეც შემდეგ პარლამენტი, ბიურო, კომიტეტი, აპარატი – ყველა იწყებს მსჯელობას. საბოლოო ჯამში, არის, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების არაეკონომიური ხარჯვა. მგონი, კარგი იქნება, თუ რაიმე რეგულაცია გაკეთდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მზად არის აღნიშნული საკითხის განხილვაში ჩაერთოს. უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლებელია მექანიზმის მოძიება, რომ არც მოქალაქეთა ინტერესები დაზარალდეს და არც – პარლამენტის.
„მზად ვარ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ასეთ საკითხებზე ჩვენ გვქონდეს განსხვავებული მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს თავიანთი მოსაზრებების მოწოდების საშუალებას არ შეუზღუდავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ორი და სამი წელი უპასუხოდ არ დარჩებიან. კერძოდ, შეგვიძლია, ვიმუშაოთ და რეგლამენტში ჩავდოთ ასეთი მექანიზმი, რომ საკანონმდებლო წინადადების წესით შემოსული დოკუმენტი, თუ ორი თვის განმავლობაში რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტმა არ აქცია საკანონმდებლო ინიციატივად, პარლამენტის წევრმა ან კომიტეტმა, მაშინ ითვლება უარყოფილად. კომიტეტებიც განვტვირთოთ ამ თემიდან. ორი თვე არის გონივრული ვადა, შემოსული წინადადება ჩავთვალოთ, რომ იმსახურებს ინიციატივობას და თუ არა, მოქალაქესაც ეცოდინება, რომ ორი თვე გავიდა, მორჩა. გადავდგათ ნაბიჯები იქით, რომ არც სხვას შევუზღუდოთ რამე და არც ჩვენ აღმოვჩნდეთ ასეთ ვითარებებში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.