Jump to content
Planeta.Ge

ედგარს რინკევიჩი - თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა ქვეყანას განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული


თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც.

„თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა. ეს არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რაიმე მოვახვიოთ. უბრალოდ, შემდეგ, მთავრობას ნუ გაუკვირდება, რომ ის საკანონმდებლო რეფორმის პროცესები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცდარი მიმართულებით მიდის, არ იქნება გულთბილად მიღებული.

არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად.

ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი.

საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის“, - განაცხადა ლატვიის პირველმა დიპლომატმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ლატვიას ძალიან აწუხებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ჩვენ ძალიან გვაწუხებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვჯერა, რომ გონივრული და დროული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით გათავისუფლების შესახებ“,- განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...