ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ადვოკატი ციხეში დღეს პირველად მოინახულებს
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ადვოკატი ციხეში დღეს პირველად მოინახულებს.
როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას მოისმენს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდება აქვს წარდგენილი.
„ლაზარეს 15:30 საათზე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვნახავთ. რა მოხდა, ყველაფერს გავიგებთ დღეს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, საჩივრით გუშინ მივმართეთ. სასამართლოს განხილვის ვადა, 72 საათი აქვს და ამ დროის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს მისი დასაშვებობის საკითხი. თუ დასაშვებად ცნობს, ასეთ შემთხვევაში, დანიშნავს ზეპირ მოსმენას და ზეპირ მოსმენაზეც განხილული იქნება ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა შეფარდებოდა მას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.