Jump to content
Planeta.Ge

მონტენეგროში დასრულდა მილო ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა


მონტენეგროს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის „ევროპა ახლა“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 60%-მა. არჩევნებში დამარცხება აღიარა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა მილო ჯუკანოვიჩმა.

61 წლის ჯუკანოვიჩი მონტენეგროს 30 წელზე მეტხანს მართავდა. 1991 წლიდან ხუთჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1998-2002 წლებში და 2018 წლიდან დღემდე - პრეზიდენტი. მილო ჯუკანოვიჩის მმართველობისას, ყოფილი იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფმა მონტენეგრომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო 2017 წელს ნატოს წევრი გახდა. ოპონენტები მილო ჯუკანოვიჩის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ კორუფციასა და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ მონტენეგრომ გააკეთა თავისი არჩევანი, რომელსაც პატივს სცემს და ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.

არჩეული პრეზიდენტი, 37 წლის იაკოვ მილატოვიჩი 2020-2022 წლებში იყო მონტენეგროს ეკონომიკის მინისტრი. მილატოვიჩი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მონტენეგრო ევროკავშირის წევრი გახდება. ქვეყანას 2008 წლიდან აქვს წევრობის კანდიდატის სტატუსი. მილატოვიჩმა, რომელსაც მხარს უჭერენ პროსერბული ძალებიც, განაცხადა, რომ კავშირებს ბელგრადთანაც განამტკიცებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...