საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ ნატოს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გაიმართება", - აღნიშნავს ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმის დათვალიერება.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.
პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.