“საჩუქარში ჩამალული ბომბი” — პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადენ ტატარსკი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
აფეთქება ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. როგორც BBC წერს, სამხედრო ბლოგერი სპიკერად იყო მიწვეული ზემოხსენებული კაფეს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა აფეთქება მოხდა.
ვლადენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი მაქსიმ ფომინია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის აქტიური მხარდამჭერი იყო.
ტატარსკი არაერთგზის იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე რუს სამხედროებთან ერთად. გასულ წელს ის კრემლში, ოკუპირებული უკრაინული მიწების ანექსიის გამოცხადების ცერემონიასაც ესწრებოდა. იქ გადაღებულ ვიდეოში ტატარსკი ამბობს:
“ჩვენ ყველას დავამარცხებთ, ყველას მოვკლავთ, გავძარცვავთ ყველას, ვისი [გაძარცვაც] დაგვჭირდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს”.
რუსული საინფორმაციო ვებგვერდის, Fontanka-ს მიხედვით, კაფე, რომელშიც აფეთქება მოხდა, უწინ “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.
როგორც რუსული პროპაგანდისტული სააგენტო TASS წერს სამართალდამცავ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით, კაფეში აფეთქებული მოწყობილობა იმ ბიუსტში იყო ჩამალული, რომელიც ტატარსკის საჩუქრად გადასცეს.
BBC-ის ჟურნალისტის, ოლგა რობინსონის თანახმად, უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში დაბადებული ტატარსკი 2014 წელს იმავე ოლქში გააქტიურებულ პრორუს სეპარატისტებს შეუერთდა. მანამდე ის ციხეში იხდიდა სასჯელს შეიარაღებული ძარცვისთვის.
როცა 2022 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ტატარსკი სოციალურ მედიასა და რუსეთის სახელმწიფო მედიაში აქტიურობდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ საბრძოლო დრონების გაშვებასა და სიმაგრეების აშენებაში მიიღო მონაწილეობა.
მეორე მხრივ, ტატარსკი მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მიზნების შეუსრულებლობის გამო. როგორც The Guardian წერს, ერთხელ მან ტრიბუნალიც კი მოითხოვა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის, წამყვანი ოფიცრები კი “გაუწვრთნელ იდიოტებად” მოიხსენია.
სამხედრო ბლოგერთა წრეში, რომელშიც ტატარსკი ერთიანდებოდა, ძირითადად ყოფილი ვეტერანები შედიან. გამოცემის თანახმად, მათ საკმაო სივრცე ეძლევათ ომის წარმართვის პროცესის კრიტიკისათვის, თუმცა უშუალოდ ვლადიმერ პუტინს იშვიათად აკრიტიკებენ. პუტინმა გასულ წელს სამუშაო ჯგუფიც ჩამოაყალიბა მთავრობასა და ბლოგერებს შორის კომუნიკაციისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ტატარსკის აფეთქების შემდეგ დაწერა, რომ “ობობები ერთმანეთს ჭამენ ქილაში”. მივე თქმით, რუსეთის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება “შიდა ტერორისტულ აქტებში” გადაიზარდა.
მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ “რუსი ჟურნალისტები მუდმივად გრძნობენ კიევის რეჟიმისგან რეპრესიების საფრთხეს”.
გასულ წელს მოსკოვმა სწორედ კიევი დაადანაშაულა პროპაგანდისტ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაში. დუგინა მოსკოვში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის ბრალდებები უარყო.
გარეკანის ფოტო: VLADLEN TATARSKY/TELEGRAM; Fontanka
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.