Jump to content
Planeta.Ge

ფოტო, ვიდეო | „ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს“ - თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა


დღეს, 2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა.

მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან დაიწყო.

„ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეს“, „სოლიდარობა ქალებს, თანასწორობა ქალებს, ძალაუფლება ქალებს, თავისუფლება ქალებს, სამართალი ქალებს“ – ასეთი იყო მარშის ძირითადი გზავნილები.

მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეიკრიბნენ ქალები, უფლებადამცველები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ასევე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები. მათ ხელში ეჭირათ დროშები და ბანერები, რომლებიც თანასწორობასა და სოლიდარობაზე სხვადასხვა გზავნილს ატარებდა.

ქალთა სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირიდან „დედაენის ბაღის“ მიმართულებით დაიწყო. მსვლელობის მიმდინარეობისას საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

ვიდეო დამკვრელი
 
00:00
 
00:10

დედაენის ბაღში აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ.

ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები.ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის.

მტრული და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიუხედავად,  ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!  ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრას!  ჩვენ მარტო არ დავტოვებთ არცერთ ქალს ძალადობის და ტერორის წინაშე!“, – განაცხადა თამარ ჯაყელმა.

მანვე მარშის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა გააცნო:

  1. სამართალდამცავმა სისტემამ მოახდინოს ეფექტიანი, დროული და ობიექტური რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, შევიწროვების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ; უზრუნველყოს დროული და  მიუჯერძოებელი გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა, მსხვერპლთა რეაბილიტაცია და რეპარაცია.

  2. დაიწყოს ყველა შესაძლო პირის მიმართ, მათ შორის, ჟურნალისტების, ცრუ დასმენებისა და ადევნების მუხლებით ადეკვატური გამოძიება.

  3. საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მიიღონ დისციპლინარული ზომები იმ პარლამენტარების თუ საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას და შვიწროებას ახალისებენ.

  4. საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა, რათა სრულად შესრულდეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა აღმოფხვრის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროინტეგრაციის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება გენდერული თანასწორობის გაძლიერების და ქალთა მიმართ ძალადობისკენაა მიმართული და მიაწოდოს საზოგადოებას ამ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინფორმაცია.

ქალთა სოლიდარობის მარშის მოთხოვნების გაცნობის შემდეგ სცენა იმ ქალებმა დაიკავეს, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვება განიცადეს, მათ შორის „აიისას“ დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ და ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ, ასევე თათია სამხარაძემ, რომელმაც რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლო ორ ინსტანციაში მოიგო.

publika.ge-20230402-195320-scaled-e16804

„ორი დღის წინ ვიყავი მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე. არ დაგიმალავთ და მცირე იმედი მქონდა, რომ სამართლებრივადაც ჩემ წვლილს შევიტანდი  ამ საქმეში, თუმცა არ გამკვირვებია, ის რაც იქ დამხვდა. ძალიან მალე გამოვედი შენობიდან, რადგან ვნახე, რომ სისტემა ჩემ მხარეს არ არის. სისტემა მოძალადეა ისევე, როგორც შალვა რამიშვილი და არა მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ჩამოშლილია და მთლიანად მოძალადის დაცვაზეა ორიენტირებული. ამ სისტემას არ უყვარს არა მხოლოდ ქალები, ეს სისტემა ებრძვის ბავშვებს, მოზარდებს, ებრძვის თავისუფალ აზრს, თავისუფალ მედიას, გახსოვთ 5 ივლისი და იცავს ორკებს, რომელთა მოკავშირეა თვითონ. ორიენტაციის, იდენტობის და რელიგიის ნიშნით დევნის ადამიანებს და ებრძვის ახალ თაობას, ებრძვის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც ახლა უკანონო ტყვეობაშია. ხელისუფლებამ ის ამოარჩია იმისთვის, რომ განსხვავებულად გამოიყურება. ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ ყველანი მოსყიდულები ვართ, ალბათ, თავისი თანაგუნდელების შეგნებით მსჯელობს… ის შემიძლია ვთქვა, რომ დაუშვებელია ამ ყველაფერთან შეგუება“, – განაცხადა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ.

„რამდენიმე დღის განმავლობაში მე მიწევდა იაფფასიან რეალითი შოუში ცხოვრება. არასდროს წარმომედგინა, რომ სისტემა ასე გაშიშვლდებოდა და გადაეფარებოდა უბინძურეს მოძალადე კაცს. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანებიც, ვინც ჩართულნი იყვნენ ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში, იმსახურებენ იმას, რომ ემსახურონ ხალხს და არ იყვნენ ერთი მოძალადე, სერიული შემვიწროვებლის დაცვის ბიჭები. ახლაც მიჭირს, გავიზარო, რომ რაც თავს გადამხდა, იყო რეალობა. არ ვაპირებ, რომ დავნებდე და გპირდებით, სტრასბურგამდე რომ მომიწიოს სიარული, პასუხს აგებს ყველა, ვინც ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში იყო ჩართული და სამართალს მაინც ვიპოვი“, – განაცხადა თათია სამხარაძემ.

თათია სამხარაძემ წაიკითხა გზავნილები გვანცა ბუდაღაშვილისგან, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელს და ნეკა დოროყაშვილისგან, რომელმაც ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობაზე სასამართლოს მიმართა და საქმე პირველ ინსტანციაში წააგო.

„დღეს ჩვენ მივხვდით, რომ სიმართლისთვის ბრძოლა ურთულესია, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აზალგაზრდა, მოტივირებულ გოგონებს არასდროს უნდა ეგონოთ, რომ გზა კარგ სამსახურამდე საწოლზე გადის. არასდროს უნდა ეგონოს ვინმეს, რომ თუ ქალს შეავიწროვებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს მათ; არავის უნდა ეგონოს, რომ გასაუბრებაზე სექსუალური საკითხების განხილვა ჩვეულებრივი ამბავია. არავის უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ორჯერ წაგებული სასამართლოს შემდეგ ისევ შეძლებს გასაუბრებების ჩატარებას და ისევ შეძლებს, რომ ახალგაზრდებს ტელევიზორიდან რამე მოუწოდოს! ეს ომია, ჩვენ მხარეს დგას სიმართლე, მათ მხარეს – წილოსანი და მდინარაძე! ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და ეს დღე გახდება გამარჯვების სიმბოლო არა მხოლოდ რამდენიმე ათეული ქალისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია გვანცა ბუდაღაშვილის გზავნილში.

„ნუ დადგებით ისტორიის არასწორ მხარეს. ამ პროცესში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი და შეუვალია. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ღირსეულ სახელმწიფოს ძალადობის გარეშე, სახელმწიფოს დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო ღირებულებებით, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ და არ ძალადობენ, არ კლავენ და ამცირებენ მისი სქესის ან სხვა რამე დისკრიმინაციული ფაქტორის გამო“, – ნათქვამია ნეკა დოროყაშვილის გზავნილში.

ქალთა სოლიდარობის მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ, რომლის ერთ-ერთი მფლობელი და წამყვანი სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილია, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო.

თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა და საქართველოს პრეზიდენტსაც.

საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ამ კამპანიას, რომელიც ქალი აქტივისტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მან თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, არამედ აგულიანებს მას.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.

 


პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...