Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ აზარაშვილი - ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, თავის გამართლების მცდელობები კი - არასწორი


ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს PSP-ს არგუმენტს, რომ „ონკოლოგიური პროდუქტი ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა, ამიტომ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა – გაძვირება“.

„ჩვენ ზუსტად ვიცით შემოტანის დრო, როდის, რა ვადებში შემოვიდა და რა მედიკამენტები შემოვიდა. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ეს მედიკამენტები, რაც დღეს იყიდება, მაშინდელი, იმ პერიოდში შემოტანილია. რასაკვირველია, ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია. თუ თქვენ მათ განცხადებას არგუმენტად ჩათვლით, ყველას შეუძლია, სუბიექტური აზრი გამოხატოს, თუმცა ეს არგუმენტი არ არის. იგივე მედიკამენტები იყიდება სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებულ ფასად, სამწუხაროდ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

მისი თქმით, რეფერენტული ფასწარმოქმნა და ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ყველა ქვეყანამ წარმატებით გაიარა, თუმცა იქაც იყო სხვადასხვა ტიპის საბოტაჟის მცდელობები და დარღვევები, მაგრამ საქართველოს მაგალითი ალბათ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან.

„ერთიანად, შვიდიათასივე მედიკამენტზე შეუძლებელი იყო, ფასები დაგვეწესებინა ან კონტროლის მექანიზმები მიგვეყოლებინა. რეფერენტული ფასების გავრცელების გეგმას, რაც გაწერილი გვაქვს, წლის ბოლომდე ეტაპობრივად მივყვებით და, პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პირდაპირი შესყიდვების პროცესი გვაქვს დაწყებული. პირველი კონტრაქტები აპრილის თვეში გვექნება, პირდაპირ მომწოდებელი სახელმწიფოს მიაწვდის ამ ძვირადღირებულ მედიკამენტებს და სადისტრიბუციოდ გამოვიყენებთ სააფთიაქო ქსელებში. ასე პირდაპირი შესყიდვის გამოცდილება ქვეყანაში არ არსებობდა და პრეცედენტულად, პირველად ვამკვიდრებთ. კომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, უკვე ორი კვირის განმავლობაში ვიზიტები დაიგეგმება კონკრეტულ ქვეყნებში. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც 40-დან 50%-მდე მოხდება ამ მედიკამენტების ფასების გაიაფება და არა – იმ ფასების, რაც დღეს არის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, 25 000-ლარიანი ლიმიტით ონკოპაციენტი გაძვირებამდე 10 კოლოფ მედიკამნტს ყიდულობდა, გაძვირების შემდეგ კი 3-4 კოლოფს ყიდულობს, რის გამოც ლიმიტი ძალიან სწრაფად ეწურება.

„როცა პირდაპირი შეთანხმება გვექნება, რასაც აუცილებლად შევძლებთ, დავუბრუნდებით ძველ ნიშნულთან შედარებით კიდევ უფრო გაიაფებულ ფასებს, რაც, ერთი მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ონკოლოგიურ პაციენტებს წლის განმავლობაში რა მედიკამენტებიც ესაჭიროებათ, სრულად დავუკმაყოფილოთ და ასევე, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ, რადგან ლიმიტის არსებობას აზრი არ ექნება. ამ ლიმიტით დღეს, ერთადერთი, ვაკონტროლებთ იმას, რომ ასე ხელოვნურად გაზრდილი ფასების პირობებში სწრაფად და მყისიერად მოხდეს რეაგირება. თუ განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ მაინც არ დავტოვებთ ადამიანებს, მიუხედავად ასეთი სოციალურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და სხვადასხვა ტიპის პროგრამებიდან მაინც ვაფინანსებთ, თუმცა, როცა მოვაწესრიგებთ, უკვე სამართლიანი ფასით გადავუხდით პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...