არავის გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი - ვიოლა ფონ კრამონი
საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“.
ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებს.
„არც ერთ ჩვენგანს არასდროს გვქონია სურვილი, საქართველოს ომში ჩართვის. მთავარი, რასაც ჩვენ ველით არის ის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში ჩვენს საერთო და საგარეო პოლიტიკასთან, რაც ასევე მოიცავს სანქციების რეჟიმს. ამ დრომდე საქართველო საწინააღმდეგოს აკეთებს და პირიქით, სარგებელს იღებს ომიდან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა „ფორმულასთან“.
ასევე ვიოლა ფონ კრამონის თქმით, მიუხედავად გარკვეულ სფეროებში პროგრესისა, საქართველოში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციისა და მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით.
„ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება.
გასულ კვირას, აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა“, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა [„ფორმულას“ თარგმანი].
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.