Jump to content
Planeta.Ge

„ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა...“ - სმენადაქვეითებული კონდიტერი უსაზღვრო შესაძლებლობებით


„დაახლოებით 10 წლის ვიყავი, მშობლებმა რომ კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტში ვუყურე საკონდიტრო გადაცემას. ძალიან მომეწონა და მიზნად დავისახე, ამ პროფესიას გავყოლოდი. რადგან სმენის პრობლემა მაქვს და მეტყველებაც მიჭირს, ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გადავწყვიტე მესწავლა ხელობა და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამწყებმა კონდიტერმა, აკაკი ცანკაშვილმა. აკაკი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ის სმენადაქვეითებულია, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ ყოფილა, რათა საკუთარი ჩანაფიქრი განეხორციელებინა.

336885234-1325292988047626-1251212222195010439-n-1680265399.jpg

სკოლის შემდეგ, აკაკიმ 2 წელი პროფესიულ სასწავლებელში იარა, სადაც თავის მომავალ პროფესიას დაეუფლა და ცოდნაც გაიღრმავა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით აღნიშნულ სასწავლებელში ის უკვე მასწავლებლის რანგში მოღვაწეობს და ცოდნას სხვებს უზიარებს.

 

„ყველაზე რთულად კოვიდის პერიოდი მახსენდება, რომელმაც დააპაუზა ჩემი ცხოვრება და არამარტო ჩემი. ვეღარც ვსწავლობდი და ვეღარც ვმუშაობდი - ეს ყველაფერი ძალიან მრთგუნავდა. ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდი სიფრთხილეა საჭირო როგორც გემოების, ასევე ფერების შერჩევისას, ამიტომ კოვიდის პაუზამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა“, - იხსენებს დამწყები კონდიტერი.

336971913-1488346088572173-2232673798300270463-n-1680265443.jpg

ცოტა ხნის წინ მან ონლაინ-საკონდიტრო გახსნა და ტკბილეულზე შეკვეთების მიღება დაიწყო. მისი თქმით, შეკვეთები აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ მათი რაოდენობა მოიმატებს. ამ ეტაპზე ახალბედა ბიზნესმენი სახლში მუშაობს, თუმცა სამომავლოდ საკუთარი საკონდიტროს გახსნას აპირებს და ამისთვის ნიადაგსაც ამზადებს:

„ვსწავლობ ბუღალტერიას, ინგლისურ ენას, რათა მომავალში, როდესაც ჩემი საკუთარი საკონდიტრო მექნება, მაქსიმალურად ვიყო ჩართული მის მართვაში“- ამბობს აკაკი.

მათ კი, ვინც თავისი ოცნების განხორციელებისთვის ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს, აკაკი ურჩევს, თავი არ დაზოგონ შრომაში, იმუშაონ საკუთარ თავზე და მაქსიმალურად მოინდომონ, შედეგი აუცილებლად იქნება. „შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, უბრალოდ ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - ამბობს ის.

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...