Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - "ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს


პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს.

"იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქართული ოცნება ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ნიშნით თვეობით გაჭიანურებას.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს სახელმწიფო სერვისების (სახელმწიფო პასპორტის აღება, ქორწინების/განქორწინების მოწმობის, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და სხვ.) მეტი ხელმისაწვდომობის ინიციატივა, კერძოდ:
ეს საკანონმდებლო  ცვლილება, გულისხმობდა მომსახურებაზე ქვეყნის შიგნით არსებული ტარიფის და ქვეყნის გარეთ არსებული საკონსულოების მიერ დაწესებული ტარიფის გათანაბრებას. წარმოდგენისთვის, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული იგივე მომსახურებისთვის დაწესებული საფასურები საზღვარგარეთ არის 2-ჯერ(!) და ზოგჯერ 3-ჯერ (!) უფრო ძვირი ვიდრე აქ, საქართველოში. მაგალითისთვის:
1- საქართველოში საქართველოს პასპორტის გაცემის მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულების მეშვეობით - 130 აშშ დოლარს;
2 -საქართველოში განქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა - 45 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 100 აშშ დოლარს;
3 - სახელის ან გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, რეგისტრაციის საფასური - 55 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 50 აშშ დოლარს და სხვა.", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
 
როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, იურიდიული კომიტეტი,  უკვე მერამდენედ, დამატებითი განხილვისთვის 60 დღის ვადით განხილვის დროის გადაწევას აბსურდული არგუმენტით ითხოვს.
 
"საკანონმდებლო ცვლილების წამყვანი კომიტეტია - იურიდიული კომიტეტი, რომელიც უკვე მერამდენედ დამატებითი განხილვისთვის ითხოვს 60 დღის ვადით, განხილვის დროის გადაწევას აბსურდული არგუმენტით (იხ. სურათი ქვემოთ)
ამ ინიციატივის დამტკიცება, გარდა იმისა, რომ აღმოიფხვრება დისკრიმინაციული მიდგომა, ასევე ეხმიანება არჩევნებში ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მონაწილეობის საკითხს, რომლებიც ხშირად, სწორედ შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს: კანონის პროექტის ინიცირებიდან გავიდა 9 თვე! დაიწყეთ ამ კანონის პროექტის განხილვა და მიიღეთ დროულად. ნუ “წეწავთ” ემიგრაციას უსაფუძვლოდ, ნუ უზღუდავთ ხელოვნურად მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
ამასთან, მოახდინეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცესში ელექტრონულად მონაწილეობის უზრუნველყოფა, შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.", - წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
 

338995687_1452983668438800_5977274551794848390_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...