Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს


აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“.

მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები.

კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ასევე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და აშშ-ის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ასევე, დოკუმენტში საუბარია „სამი ზღვის“ ინიციატივის მხარდაჭერაზე.

კანონპროექტის მიხედვით, მისი დამტკიცებდან 180 დღეში აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ, რომელიც ითვალისწინებს ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონის ქვეყნების დახმარების გაძლიერებას უსაფრთხოების სფეროში.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას. საუბარია ერთობლივი მრავალეროვნული საკოორდინაციო შტაბის შექმნაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სწავლებების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და ასე შემდეგ.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეისწავლოს, რამდენად ღირებული იქნება შავ ზღვაში ნატო-ს რეგულარული და როტაციული წარმომადგენლობის შექმნა. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს დიალოგის გააქტიურებას ამერიკელ და შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენელ ექსპერტებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქების საკითხზე.

ამასთან, პროექტში საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაუყოვნებლივი ჩანაცვლებისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. პროექტის მიხედვით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მედიაინიციატივების გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება უცხოეთის მავნე ზეგავლენის დაძლევისკენ. ასევე, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე.

ასევე, კანონპროექტში გაწერილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შავი ზღვის რეგიონში, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩავიდნენ. „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი“ ამჟამად განსახილველად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...