ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა
პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების მექანიზმს, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში მუდმივად ჩანს კითხვები გვარამიას ქეისთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების კომპონენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და დააზიანებს სტატუსის მიღების პროცესს, ამდენად ამ მოცემულობაში კიდევ „უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება გამოსაყენებელი პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან“.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს მოლოდინი, რომ მას დღესაც ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში ერთადერთი სახელისუფლებო შტო და ინსტიტუტი დარჩა, რომელიც ინარჩუნებს ობიექტურ კრიტიკას ხელისუფლების მისამართით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით ვხედავთ. მოლოდინი გვაქვს რომ „ქართული ოცნება" როგორც გუშინ განაცხადეს რომ „ახია“ მათზე, დაიწყებს ამ ინსტიტუტზე შეტევის მორიგ ეტაპს, ამაში თითქმის დარწმუნებულები ვართ. ვეთანხმები იმას, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, ბუნებრივია, მან უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რაც მხარს დაუჭერს და იქნება გამოყენებული იმის დასადასტურებლად რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების, იგივე გვარამიასთან დაკავშირებით იყო საუბარი გარკვეულწილად. გვარამიას ქეისთან დაკავშირებით ყოველ ჯერზე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ვხვდებით კითხვის ნიშნებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.