შალვა კერესელიძის მიმართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ნინო თანდილაშვილს მივმართე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებული და უნებართვოდ მოქმედი ბეტონის ქარხნის შედეგად გამოწვეული პრობლემის შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე.
როგორც შალვა კერესელიძე აღნიშნავს, დაახლოებით წელიწადნახევარია, ჯიღაურაში, უკანონოდ, ყველანაირი თანხმობის და ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა და ადგილობრივ მოსახლეობას/მოაგარაკეებს, აწუხებს ბუღი, მტვერი, ხმაური, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას
"მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიღაურაში, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო სანერგე მეურნეობა მდებარეობს და სადაც 500 ჯიშის ვაზია გაშენებული და ზოგადად ეს ზონა, საგურამო-ჯიღაურა-ცხვარიჭამიის ზონა, ტურისტულად ძალიან აქტიურია. მათ შორის, გარკვეული ნაწილი მოიცავს დაცულ ტერიტორიებსაც, ტურისტულად და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. დაახლოებით წელიწადნახევარია, ჯიღაურაში უკანონოდ, ყველანაირი თანხმობის და ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა და ადგილობრივ მოსახლეობას და მოაგარაკეებს, აწუხებს ბუღი, მტვერი, ხმაური და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გასაგებია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საწარმო დააჯარიმა, მაგრამ მიუხედავად ამისა საწარმო კვლავ განაგრძობს უნებართვოდ მუშაობას. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოაგარაკეებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, მაგრამ პრობლემა შემდეგშია: მაშინ როდესაც ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებას აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით, რამდენადაც არ უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო სტანდარტებს, ასეთ ზონებში დაუშვებელია ბეტონის ქარხნის ჩადგმა და შესაბამისად, არც ნებართვა უნდა გაიცეს. ასე უნებართვოდ წელიწადნახევარია მუშაობს ქარხანა და არ არსებობს, ნუთუ, რაიმე ბერკეტი, რომ ასეთ უნებართვო საწარმოების მიმართ, მხოლოდ ჯარიმით არ შემოვიფარგლოთ? დაექვემდებაროს დემონტაჟს ან აეკრძალოს საქმიანობა.
ქალბატონო ნინო, თხოვნა მექნება თქვენთან, როგორც თქვენი დარგის ძალიან დიდ ქომაგს, იქნებ უფრო დეტალურად დაინტერესდნენ თქვენი უწყების შესაბამისი სამსახურები, რაც ხდება ჯიღაურაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ სიმახინჯეს. ჯიხური ხომ არ არის უცებ ერთ დღეში აეშენებინა ვინმეს ამხელა ქარხანაა, დროის რაღაც პერიოდში შენდებოდა, ყველა ხედავდა და უყურებს როგორ მუშაობს. ასეთ უკანონო საწარმოებს ვიცით რომ, ჯარიმის გადახდა უღირთ, ნებართვის არ არსებობის ნაწილშიც და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დამონტაჟების სანაცვლოდაც. აქამდეც არ უნდა მისულიყო ეს პრობლემა და საწარმოსაც ნებართვის გარეშე ფუნქციონირება არ უნდა დაეწყო. სწორედ ამიტომ გთხოვთ, პირადად დაინტერესდეთ და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.", - წერს შალვა კერესელიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.