Jump to content
Planeta.Ge

ეს არეული ორიენტაციის პირი დაკავშირებულია ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის „ბოლშევიკურ ტროიკასთან“ – კობახიძე დაკავებულზე


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან.

„მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ – ეს იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ეს იყო ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, რომ გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება.

ნუ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან – ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაკავებულის „დროასთან“ კავშირს უარყოფს თავად ელენე ხოშტარია.

„მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის „ქართული ოცნება“, ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე. ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც „დროას“ წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილისამებრ მათ გვერდში ვიქნებით“, – აცხადებს ხოშტარია.


შსს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

„პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს.

„პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი,  ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...