საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის პრინცესას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრინცესა ვიქტორია საქართველოს დღეს, 29 მარტს ეწვია.
ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.
„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს, დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.