Jump to content
Planeta.Ge

„გაიდლაინებში“ დამატებამდე გვჭირდება მეტი დრო და კონსულტაცია – გაბუნია აქონდროპლაზიის წამალზე


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება.

საუბარია პრეპარატზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებმა აღიარეს. პრეპარატი იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.

„იმედთან“ ინტერვიუში გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია იშვიათი დაავადებები და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 30 მილიონამდე გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ პრეპარატს, გაბუნია განმარტავს, რომ რაკი პრეპარატი ახალია – მასზე მეტი კონსულტაციაა საჭირო.

„მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული იმისკენ, რომ მედიკამენტები, რომლებიც იქნება სიცოცხლის გადამრჩენელი და ხარისხიანი, იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ კონკრეტულად აქონდროპლაზიისთვის იმ ახალ მედიკამენტზე, რომელიც რამდენიმე ხანია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება განსაკუთრებულ პირობებში. ამ მედიკამენტს ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ეს მოხდება სტანდარტული მკურნალობის გაიდლაინებში, და გამომდინარე აქედან, ჩვენ მეტი დრო და მეტი კონსულტაცია გვჭირდება, როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან. და ამ პროცესში ჩვენთან ერთად ჩართულია ჯანმო, ასევე, ევროპის პაციენტთა ორგანიზაცია“.

გაბუნია ასევე საუბრობს სპეციალურად შექმნილ საბჭოზე, რომელმაც იშვიათი დაავადების მქონე პირთათვის სერვისის მიწოდებაზე უნდა იმუშაოს. მისი თქმით, საბჭოს აკომპლექტებს მრავალპროფილური ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის, სახალხო დამცველისა და სამინისტროს წარმომადგენლები.

„საბჭო, რომელიც ჩამოყალიბდა, შეეხება იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სერვისებისა და ახალი მედიკამენტების ქვეყანაში დანერგვის პროცესების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მედიკამენტები, რომელიც ქვეყანაში დაინერგება, ახალი მედიკამენტები, უნდა იყოს, ცხადია, უსაფრთხო, პირველ რიგში; ეფექტური და გამართლებული უნდა იყოს ის დანახარჯი, რომელსაც ქვეყანა ამ მიმართულებით გაიღებს და მან უნდა შეასრულოს ის მიზანი, რა მიზნითაც ეს მედიკამენტი გამოუშვა ფარმაცევტულმა კომპანიამ“, – დასძენს ის.


უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საქართველოში სპეციალური პრეპარატის შემოტანას ითხოვენ.

2021 წელს პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით) აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა 18 წლამდე რეგულარულად, ინიექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...