„საბა“ აქვეყნებს წერილს, რომელშიც განმარტავს, რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი
ლიტერატურული პრემია „საბა“ ბექა ქურხულის წიგნის „უკრაინული დღიურების“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსში ბექა ქურხულის წიგნის მიღებაზე უარი თქვა. კონკურსის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ავტორი და გამომცემელი, მწერლებმა – არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა კი, სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს.
„საბამ“ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერა და რომელშიც ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას.
„საბას“ წერილს, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერეს, უცვლელად გთავაზობთ.
„მოგესალმებით,
დასაწყისისთვის დიდ პატივისცემას და მადლიერებას გამოვხატავთ იმ წვლილის გამო, რომელიც თქვენს გამომცემლობას შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესში. “საბას” არსებობის მანძილზე თქვენი გამომცემლობის არაერთი შესანიშნავი წიგნი ყოფილა ნომინანტთა თუ ლაურეატთა შორის.
აქვე გვინდა მცირე განმარტება და ინფორმაცია მოგაწოდოთ ბექა ქურხულის „უკრაინულ დღიურებთან“ დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის “საბას” პრემიაზე წარმოადგინეთ.
პირველყოვლისა, ძალიან გაგვაკვირვა წარმოდგენილ წიგნთა ნუსხაში ხსენებული ავტორის ხილვამ.
ავტორმა არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. „ქუჩური გარჩევების“ სულისკვეთებით, ლიტერატორების ღირსების შემლახველი სიტყვებითა და მუქარით, ადამიანების დედის გინებით იგი თავად გავიდა ლიტერატურული და ზოგადად ადამიანური ეთიკისა და ქცევის ჩარჩოდან, ლიტერატურული პოლემიკისა და დისკუსიების სივრციდან.
„საბასთვის“, დღიდან დაარსებისა, არ არის უცხო მწვავე ლიტერატურული კრიტიკა, ჩვენ არათუ მივესალმებით, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად ვუწყობთ ხელს „საბას“ ირგვლივ სრულიად განსხვავებული ხედვებისა და პერსპექტივების გაჩენასა და წარმოჩენას. თუმცა არასდროს დავუშვებთ მრავალი ადამიანის მრავალწლიანი შრომითა და გარჯით მოპოვებული მონაპოვარი – ქართული ლიტერატურული პროცესი, თავისი აზრისა და ქცევის მაღალი სტანდარტით ერთი ავტორის მიერ საკუთარი კოლეგების ღირსების შემლახველ გინებამდე და ქუჩურ გარჩევებამდე დაეცეს. შესაბამისად, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ განიხილავს თქვენ მიერ წარმოდგენილი ავტორის წიგნს.
პატივისცემით,
საბა“
აქვე დავძენთ, რომ „საბა“ არის დამოუკიდებელი პლატფორმა, საკუთარი წესებითა და სტანდარტებით, მასში მონაწილეობა გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას, შესაბამისად, მინიმალური სტანდარტების დაცვასა და პატივისცემას.
ჩვენ სრულიად სამართლიანად არ ვაპირებთ ვიტვირთოთ იმ წიგნების მხატვრული შეფასება, რომელთა ავტორებიც წლების განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით დედას აგინებენ და ემუქრებიან პრემიის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წლებში ჟიურიში მომუშავე ადამიანებისა და პრემია „საბას“ დაცვა და, რაც მთავარია, თანმიმდევრული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების გაფრთხილება და ჯანსაღი ლიტერატურული პროცესის შენარჩუნება.”
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.