Jump to content
Planeta.Ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში დილიდან შეხვედრებს მართავენ.

როგორც შეხვედრაში მონაწილე მხარეები აცხადებენ, მათი სასაუბრო თემა ევროკომისიის 12 პუნქტი და საქართველოში აქტუალური პოლიტიკური პროცესებია.

პირველი ჯგუფი, რომელსაც ევროსტრუქტურის წარმომადგენლები შეხვდნენ, „ნაციონალური მოძრაობაა“. როგორც ფრაქციის წარმომადგენლებმა, თინა ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, ისაუბრეს როგორც 12 პუნქტზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

„წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა კოსმეტიკურად, როგორც ეს წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა ხაზი გაუსვა სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, ანტიკორუფციული, დეოლიგარქიზაციისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფი უკვე შეხვდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციის წევრებსაც – გიორგი ვაშაძეს, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას.

ხათუნა სამნიძის თქმით, ისაუბრეს იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციაზე თავდასხმებსა და რუსულ კანონზე, რომელიც ხელისუფლებამ აღარ მიიღო, თუმცა ოპონენტებს მაინც აგენტებად იხსენიებს.

„ვისაუბრეთ პოლიტიკურ განცხადებებზე, რუსული კანონის შესახებ, პარლამენტში თავდასხმებზე. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, მომხრე ვართ და ვითხოვთ პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და დაცული იყოს ასევე, რუსული აგრესიისგან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეხვედრა შედგა ასევე „გირჩის“ წევრთან, ჰერმან საბოსთან, რომელმაც ევროკომისიის 12 პუნქტსა და ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ ორ საკითხს, რომელიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ კი, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ გამოუსწორებს შელახულ იმიჯს და აჩვენებს იმას, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ძალაუფლების დეცენტრალიზაციის საკითხს. ეს არის ბუნებრივი ბარიერი. სასამართლო რეფორმის ნაწილში მარტივი და კარგი გამოსავალია ნაფიცი მსაჯულების სისტემის გაფართოება, რაც ასევე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმ ძალაუფლების ერთიანი მონოლითის ხელის გაშვება, რომელიც ახლა გვაქვს“, – განაცხადა საბომ.

ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების წევრებს შეხვდნენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები დაინტერესდნენ, როგორ მიდის დეოლიგარქიზაციის საკკითხი და სასამართლოს რეფორმები.

ოხანაშვილის თქმით, იმსჯელებენ და ევროპულ სტანდარტთან თავსებად კანონებს მიიღებენ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია „ლელოსთან“, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან აუდიენციაც.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...