უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებს ბახმუტი მამაცურად უჭირავთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეპიცენტრად რჩება 4 ქალაქი: ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა და მათი შემოგარენი, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 57 შეტევა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახმუტს, გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტი მამაცურად უჭირავთ და მრავალრიცხოვან შეტევებს იგერიებენ.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.