Jump to content
Planeta.Ge

ღმერთმა დამიფაროს, მოღალატე რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული - ნაკაიძე


„ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მორიგ სიტყვიერ თავდასხმას მასზე.

ნაკაიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას მისი „დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს”.

„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი 20-წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა.

ჩემი საქმიანობა „ქართული ოცნებისთვის” ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ?
მხოლოდ ფაქტები:
 
  1. 2013 – 2021 წლები – ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა;
  2. 2013 წელი – ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით, მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც, 2 თვის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ;
  3. 2014 წელი – სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილი ადგილობრივები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა.
  4. „ქართული ოცნება” დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა.
  5. „ქართულ ოცნებას” აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებელი; ასევე ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით”, – წერს ის.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით.

„მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით სპეკულირებას, მათ შორის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას. სინამდვილეში, რეალობა არის სხვა. ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. მასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფას მუსლიმურ თემს. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.


22 მარტს, „ხალხის ძალის” წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტარიელ ნაკაიძეს ასე მიმართა: „20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი”. სუბარის თანამოაზრემ და რუსული კანონის კიდევ ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძე კი თავს დაესხა დეპუტატს და ზურგში მიკროფონი ჩაარტყა. ამას მოჰყვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია”აქვს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...