საბა ბუაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აწარმოებს, თბილისის მერია კი პირდაპირ ხელს აფარებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია „გორბი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რომელიც მუნიციპალურ რეგულაციაში არ ჯდება.
ის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მიმართავს, რომ „ამ უკანონო მშენებლობით“ დაინტერესდნენ.
„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ აწარმოებს. თბილისის მერია ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობას პირდაპირ ხელს აფარებს. ოქროყანაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ აგარაკებია და იცით, რომ ეს არის სააგარაკე ტერიტორია, რომელიც ფიჭვნარით არის შემოფარგლული, ეს კომპანია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რაც არანაირად არ ჯდება არცერთ სამშენებლო და მუნიციპალურ რეგულაციაში.
ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს, მუნიციპალური ინსპექციისგან მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, ეს კომპანია დაჯილდოვდა და მათ ამ უკანონო სამარცხვინო მშენებლობის უფლება მიეცათ.
ეს არის კახა კალაძის აღვირახსნილი, ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი, სადაც ასეთი უკანონობის წარმოების უფლება, იმ ადამიანებს და კომპანიებს ეძლევათ, რომლებიც „ქართული ოცნების“ და პირადად კახა კალაძის ინტერესებთან დაკავშირებული არიან. ეს კომპანია „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია მსგავსი მშენებლობის წარმოების უფლებას ის ვერ მიიღებდა. სახეზეა მორიგი დანაშაული დედაქალაქის წინააღმდეგ.
მინდა კიდევ ერთხელ მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო, რომ ხელახლა ამ უკანონო მშენებლობით დაინტერესდნენ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, რატომ მოხდა ამ შეჩერების ბრძანების გაუქმება და რა შეიცვალა, მაშინ, როდესაც მათ გააუქმეს ის ბრძანება, რომელიც უკანონო დარღვევით მიმდინარე მშენებლობას შეეხებოდა. აქ პარტიული და პოლიტიკური ინტერესი სახეზეა“, - განაცხადა ბუაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.