Jump to content
Planeta.Ge

ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე კიევი UN-ის უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძვლებს, ასევე ბირთვული განიარაღების არქიტექტურასა და საერთო ჯამში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას.

ამასთან, უკრაინამ მიმართა ბელარუსის საზოგადოებასაც, რომ აღკვეთონ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების განზრახვა.

“მივმართავთ G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირს, რომ გააფრთხილონ ბელარუსის ხელისუფლება, საკუთარ ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე თანხმობის შემთხვევაში ბელარუსისთვის სამომავლო შედეგებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა აღნიშნულ საკითხზე ეფექტურ ქმედებებს ელის დიდი ბრიტანეთისგან, ჩინეთისგან, აშშ-სა და საფრანგეთისგან, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, რომელთაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის თავიდან აცილების მხრივ.

“მოვითხოვთ ამ მიზნით გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 25 მარტს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის ივლისში აპირებს.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ არ არსებობს არავითარი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...