„დღეს მე ასეთი გეგმები არ მაქვს“ – ყიფიანი პოლიტიკაში წასვლაზე
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა.
„რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“.
„ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი წლის განმავლობაში უწევდა.
„ურთიერთობა იყო იურიდიულ ფირმას შორის და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. გასაგებია, რომ მე ტელეეთერებში ყველაზე ხშირად ვჩანდი, მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი ერთადერთი ადვოკატი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა. ეს იყო იურიდიული ფირმის მანდატი, რომელიც ამ ფირმამ გასწია პრაქტიკულად 5 წელი“, — განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
პოლიტიკაში წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ვიქტორ ყიფიანმა თქვა: „დღეს მე ასეთი გეგმები არ მაქვს“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ყიფიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“.
კითხვაზე, კობახიძის მიერ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოცხადება იყო თუ არა მისთვის შეურაცხმყოფელი, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს:
„არა, აბსოლუტურად. საერთოდ არ ვანიჭებ მნიშვნელობას ასეთ შეფასებებსა და ხმებს“, — დასძინა მან.
იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებდა და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.
13 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ვიქტორ ყიფიანი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარაა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.