პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს
რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით.
პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ ადრე თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.
როგორც პუტინის სიტყვებიდან ჩანს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. ასეთი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს, თავად რუსეთი მათ ასეთად არ მიიჩნევს. თვითონ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს „ასიათასობით ასეთი ჭურვი აქვს“. მაგრამ მოსკოვს უკიდურესად მკვეთრი რეაქცია ჰქონდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე. მან ლონდონს ბრალი დასდო ბირთვულ ესკალაციაში და საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ამასთან, პუტინის ამავე ინტერვიუდან ჩანს, რომ ბელარუსს სარაკეტო კომპლექსი დიდი ბრიტანეთის განცხადებამდე გადასცეს. თვითმფრინავების მოდიფიცირებაც ადრე მოხდა. აშკარაა, რომ საცავის მშენებლობაც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გაგზავნას აპირებს.
პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსს ბირთვულ იარაღს კი არ გადასცემს, არამედ საკუთარ იარაღს განათავსებს მის ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა მოიტანა აშშ-ის მაგალითი, რომელსაც თავისი ბირთვული იარაღი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს განლაგებული.
პუტინმა ინტერვიუში ასევე რუსეთისთვის მუქარად მიიჩნია დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის ამუნიციის მიწოდება. მან საბჭოთა ტერმინოლოგია გამოიყენა და მათ „ომის გამჩაღებლები“ უწოდა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა უკრაინაზე სამჯერ მეტი ამუნიცია აწარმოოს და რომ რუსეთის ტანკების საერთო რაოდენობა სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის არმიისა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღების წარმოების გაზრდა რაიმე შეზღუდვებს არ გამოიწვევს უკრაინის ეკონომიკისთვის.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.