Jump to content
Planeta.Ge

გიორგი კეკელიძე: "სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ არ აპირებს კომენტარი მისცეს რომელიმე მედიასაშუალებას სალომე კენჭიაშვილის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის უკან დაბრუნების თაობაზე.

„მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“, - დაწერა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკის გვერდზე.

 

ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონმა და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილმა უარი თქვა მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კეკელიძემ რადიო თავისუფლების მიერ სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის ვადით. სტიპენდიის ოდენობა თვეში 100 ლარი იყო.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრა სალომეს უფროსმა დამ, სოფია კენჭიაშვილმა, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 2021 წელს მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი იყო".

"ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი", - წერს სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...