Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2]

  • ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
  • 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
  • შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
  • უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული
  • მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა

⮚დარღვევების მაღალი მაჩვენებელი

2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია[3] შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%).

მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.

1-geo_0.jpg

2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა.

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს,[4] 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

2-geo_0.jpg

2022 წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება,[5] რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს.

3-geo_0.jpg

2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი - 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა; საყურადღებოა, ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.

საგანგაშოა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა (იხ. ცხრილი).

4-geo_0.jpg

როგორც ცხრილი გვიჩვენებს, წინა წელთან შედარებით დარღვევების 7 კატეგორიიდან 6-ში გაუარესებული მაჩვენებელი გვაქვს. ოჯახის წევრების მონაცემებთან ერთად, ბოლო ოთხი წელია ყოველწლიურად იზრდება ხელშეკრულებებთან და საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის არ/არასწორად მითითების შემთხვევები. საგანგაშოდ მიგვაჩნია, თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის უპასუხოდ დატოვება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ია, მაშინ როცა 2019 წელს 11% იყო.

თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების წარდგენისას ინფორმაციის მასშტაბურად დამალვა/არ მითითება ან არასრულად წარდგენა, გარდა იმისა რომ კანონის პირდაპირი დარღვევაა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გარე მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებას. ამასთან, მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ არ ქვეყნდება ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევის მასშტაბის შესახებ. ბიუროს ანგარიშიდან შეუძლებელია გავარკვიოთ რამდენი და რა ღირებულების უძრავი ქონება არ მიუთითა თანამდებობის პირმა (მაგალითად, აგარაკი თუ ავტოფარეხი ან სხვენი, ერთი ქონება თუ რამდენიმე და ა.შ.).

⮚არცერთი მიმართვა პროკურატურას

2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არც ერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან.

5-geo.jpg

სამწუხაროდ, საქართველოში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის გამოსავლენად.[6] 6 წლიანი მონიტორინგის შედეგად ჯამში პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, მაშინ როცა წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია.

პროკურატურაში გაგზავნილ დეკლარაციათა დაბალი რაოდენობა და შესაბამისი რეაგირების არ ქონა მონიტორინგის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს.

2017-2022 წლებში მონიტორინგის შედეგად სულ 2268 დეკლარაცია შემოწმდა; აქედან დარღვევა აღმოჩნდა 1487-ში (65%), საიდანაც 1264 დეკლარანტი დაჯარიმდა.

პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების დაბალი რაოდენობა შესაძლოა მეტყველებდეს: ერთი მხრივ, კორუფციული დარღვევების გამოვლენის პოლიტიკური ნების არ არსებობაზე; და მეორე მხრივ, დაკავშირებული იყოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის ხასიათის (არა არსებითი თუ არსებითი) დისკრეციულად გადაწყვეტასთან. ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში, დარღვევების ტიპების აღწერისას, ვკითხულობთ, რომ „უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება…“. 2022 წლის ანგარიშშიც, დარღვევების კატეგორიის ნაწილში ბიურო კვლავ იყენებს ტერმინის „გამორჩენილი იყო.“[7] გაუგებარია, როგორ ადგენს ბიურო, რომ თანამდებობის პირს უბრალოდ „გამორჩა“ დეკლარაციაში უძრავი ქონების მითითება და არ ცდილობდა, მაგალითად, მის დამალვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევა დადასტურდა 2022 წელს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შემოწმებული დეკლარაციების 95%-ში. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ დეკლარაციების მონიტორინგით დაკავებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამომძიებელ ჟურნალისტებს მაღალი სიზუსტით შეუძლიათ სარისკო დეკლარაციების გამოვლენა. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურომ უკეთ უნდა გამოიყენოს ეს რესურსი და მონიტორინგი დაიწყოს, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც.

⮚ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ძირითადი მიზანი არ არის ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშების მიხედვით, მონიტორინგი კანონით განსაზღვრული ორი ძირითადი მიზნიდან[8] მხოლოდ ერთს – დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას ემსახურება. 2017-2021 წლების ბიუროს ანგარიშებში არაფერია ნათქვამი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ.

მისასალმებელია, რომ წელს პირველად ბიუროს ანგარიშში მითითებულია, მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტების რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბიურომ გამოავლინა „თანამდებობრივი შეუთავსებლობის 70 შემთხვევის ფაქტი, რაზეც განხორციელდა შესაბამისი რეაგირება.“

თუმცა, რაოდენობასთან ერთად, ბიურომ უნდა მიუთითოს რომელ პირებთან მიმართებით დაადგინა თანამდებობრივი შეუთავსებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ „თანამდებობრივი შეუთავსებლობა“ ფართო ცნებაა, აუცილებელია მიეთითოს კანონის კერძოდ რომელი მოთხოვნის დარღვევა დადგინდა.

გარდა ამისა, ბუნდოვანია წინადადება შესაბამისი რეაგირების განხორციელებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა სახის ზომა მიიღო ბიურომ თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით.

⮚დამოუკიდებელი კომისია

ბიუროს 2022 წლის მონიტორინგი, გასული წლების ცუდი პრაქტიკის მსგავსად, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული რაოდენობის ნახევარს შეეხო, რადგან დამოუკიდებელი კომისია[9] არც 2021 წელის ბოლოს შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრობაზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა განაცხადი, აკადემიური წრის არცერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს დაინტერესება.

რაც შეეხება 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ძალისხმევით მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა კოორდინაცია და შედეგად, შეიქმნა დამოუკიდებელი კომისია. 2023 წლის მონიტორინგისთვის კომისიის მიერ დამატებით 317 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეირჩა.

დასკვნა და რეკომენდაციები

2022 წლის მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზიანია.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ექვსი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ჯარიმით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება. ყურადღების მიღმა რჩება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათ შორის სავარაუდო უკანონო გამდიდრების შემთხვევები. 2022 წელს ბიუროს პროკურატურისთვის არცერთი შემთხვევა არ გაუგზავნია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საქართველოს მთავრობას, მათ შორის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიუთითებს დეკლარაციების არსებული მექანიზმის ნაკლოვანებებზე და მათი აღმოფხვრის გზებს სთავაზობს:

  • საჭიროა გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;
  • განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა;
  • საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.

 


[1] 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, საჯარო სამსახურის ბიურო, დეკემბერი 31, 2022, ხელმისაწვდომია აქ.

[2] უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების წილი გამოთვლილია იმ დეკლარაციების გარეშე, რომლებზეც საჯარო სამსახურის ბიურომ საანგარიშო წლის განმავლობაში მონიტორინგი შეწყვიტა (არ დაასრულა). შესაბამისად, წინამდებარე კვლევაში მოყვანილი პროცენტული მაჩვენებლები მცირედით განსხვავდება ბიუროს მონიტორინგის ანგარიშებში არსებული მონაცემებისგან.

[3] დეკლარაციების უმეტესობა (285) ელექტრონულად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, დანარჩენი კი (61) დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე.

[4] პირი, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული, საქართველოს კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 19, ხელმისაწვდომია აქ.

[5] საიდუმლო თანამდებობის პირთა გამოკლებით.

[6] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring under the OECD Istanbul Anti-Corruption Action Plan, p. 136, ხელმისაწვდომია აქ.

[7] 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, საჯარო სამსახურის ბიურო, დეკემბერი 31, 2022, გვ.4, ხელმისაწვდომია აქ.

[8] შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილება №81, მუხლი 2, ხელმისაწვდომია აქ.

[9] კანონით გათვალისწინებულია, რომ ყოველ წელს უნდა შემოწმდეს დეკლარაციების სრული რაოდენობის 10%, საიდანაც 5% შეირჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო დანარჩენი 5% – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც ყოველწლიურად ღია კონკურსის შედეგად კომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოების 3 და აკადემიური წრის 2 წარმომადგენლით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...