Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია


სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია.

მაგალითად:

  • სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში შესაბამისად – 16 883 და 19 854 ლარი].

დავით საგანელიძემ დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2022 წელს ჯამში ხელფასის სახით ხელზე აიღო 226 402 ლარი, ხოლო 2021 წელს – 192 635 ლარი.

  • სს „საქართველოს რკინიგზაც“ სახელმწიფო საწარმოა, რომლის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელფასი 2022 წელს თვეში 19 057 ლარი, ჯამში კი 228 692 ლარი იყო [აქედან 153 631 ლარი, როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორის, 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო ასევე 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი].

დავით ფერაძის ხელფასი 2021 წელს ჯამში 229 877 ლარი იყო.

  • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] გენერალური დირექტორის ხელფასი კი, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამში, 38 322 ლარით გაიზარდა.

შესაბამისად, ესკოს გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელფასი 2022 წელს 143 661 ლარი, ანუ თვეში 11 971 ლარი იყო.

  • შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ დირექტორის, მიხეილ შალამბერიძის ხელფასი 2021 წელს თვეში 10 633 ლარი იყო [წელიწადში ჯამში 127 600 ლარი]. 2022 წლის დეკლარაცია კი შალამბერიძეს ჯერ შევსებული არ აქვს.

მიხეილ შალამბერიძის, როგორც კომპანიის დირექტორის ხელფასი 2020 წელს ჯამში 114 400 ლარი იყო.

სახელმწიფო საწარმოებმა, რომლებიც ბოლო წლებში მთლიანობაში ზარალზე მუშაობდნენ, 2021 წელი 413 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს, თუმცა, ეს მოგება მხოლოდ კურსთაშორის სხვაობით წარმოიქმნა.

რომ არა კურსთაშორისი სხვაობა, სახელმწიფო საწარმოები 2021 წელს 102 მილიონი ლარის ზარალით დაასრულებდნენ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

ანალოგიური დასკვნა აქვს სახელმწიფო აუდიტსაც, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოთა მოგება მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგებით [515 მლნ ლარი].

„აღსანიშნავია, რომ კურსთაშორის სხვაობით მიღებული მოგება შინაარსობრივად არ წარმოადგენს საწარმოს საოპერაციო აქტივობებიდან გენერირებულ შემოსავალს“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებობს ცხადი ან/და არაცხადი გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მათ გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რის გამოც ისინი წარმოადგენენ პოტენციური ფისკალური რისკის წყაროს“.

იგივე 2021 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლ ქვეშ მყოფი საწარმოების მიერ მიღებულმა ჯამურმა დაფინანსებამ 578 მილიონი ლარი შეადგინა [რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო].

აღნიშნული თანხიდან 331.6 მილიონი ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დანარჩენი ნაწილი კი ფუნქციონირების ხარჯების ან/და საწარმოების ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა [ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვისთვის ბიუჯეტიდან თანხა გადაერიცხათ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და სხვა.]

„აღნიშნულ საკითხზე ყურადღება იქნა გამახვილებული 2021 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმულია სახელმწიფო საწარმოები – სუსტი ფინანსური მდგომარეობით, ასევე არსებული კორპორაციული მართვის მოდელის ნაკლოვანებები“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ფისკალური რისკების ანალიზისთვის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში განხილულია 316 სახელმწიფო საწარმო. აქედან 154 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 162 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია [ასევე ამ საწარმოებს ჯამურად გააჩნიათ 96 შვილობილი საწარმო].

„2021 წლის შთამბეჭდავი შედეგებით არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

  • სახელმწიფო საწარმოების 2022 წლის ანგარიშგება [მოგება-ზარალი] ჯერ გასაჯაროებული არ არის.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით:

  • სახელმწიფო საწარმოებში 2020 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 57 460-მდე ადამიანი, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის – 59 300-მდე;
  • სექტორში 2020 წლის დარიცხულმა წლიურმა ხელფასმა შეადგინა 800 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლის ამავე მაჩვენებელმა – 907 მილიონი ლარი.
  • სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაახლოებით 65% კაცია. გამონაკლისია ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო საწარმოები, სადაც დასაქმებულთა 75%-მდე მოდის ქალებზე;
  • გაცემული ანაზღაურების დაახლოებით 70%-ზე მეტი მოდის კაცებზე;
  • აღმასრულებელ პოზიციებზე მომუშავე პირების დაახლოებით 80% კაცია;
  • სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 ლარით ნაკლებია დასაქმებული კაცების ხელფასზე.

    ბათუმელები/ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...