შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას
შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა.
დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან.
კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კონსენსუსის საფუძველზე დაიწყო ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ქვეყნის შესვლას რატიფიკაცია გაუკეთა ნატოს 30 წევრიდან 28-მ. როგორც მოსალოდნელია, უნგრეთი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს, მაგრამ თურქეთი ჯერ არ დათანხმებულა ნატოში შვედეთის წევრობას.
ნებისმიერ შემთხვევაში, შვედეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრა ფორმალურად ადასტურებს ნეიტრალიტეტის პერიოდის დასრულებას, რომელიც 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მსოფლიო ომებისა და ცივი ომის პერიოდშიც.
შვედეთს გადაწყვეტილი აქვს, ნატოს წევრი გახდეს მეზობელ ფინეთთან ერთად, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასევე უარი თქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.