მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე – სონღულაშვილი პოსტის წაშლაზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც Facebook-ზე ჯერ პოსტი დაწერა, რომ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერა შეცდომა იყო, შემდეგ კი წაშალა, ახლა ამბობს, რომ მთავარია, თავისი პოზიცია გამოხატა.
ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე ჩამოვაყალიბე და გამოვხატე ჩემი პოზიცია. [რატომ ავიღე] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა პარტიისგან საყვედური აღნიშნული პოსტის გამო, სონღულაშვილი პასუხობს:
„რატომ უნდა მიმეღო საყვედური? როგორ გეკადრებათ, არასწორად აკეთებთ ინტერპრეტაციას“, – ამბობს სონღულაშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 7 მარტს მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონპროექტს.
საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.
11 მარტს დავით სონღულაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.
„არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი“, – წერდა სონღულაშვილი.
სონღულაშვილმა აღნიშნული პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით, ერთ საათში წაშალა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.