Jump to content
Planeta.Ge

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა


„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო.

სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი ლომიტაშვილისა და ლაშა გრიგალავას კომპანიები ფლობენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 20 611 989 ლარია.

კომპანია 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის ვალდებულებას იღებს.

საუბარია ჯამში 4 საჯარო სკოლის აშენებაზე – (3 ხაშურის მუნიციპალიტეტში და ერთი კი – გორის სოფელში); სკოლები უნდა იყოს 30, 120-120 და 500 მოსწავლეზე გათვლილი; შემსყიდველი კი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ლაგი კაპიტალი“ კიდევ ორ ტენდერშია პრეტენდენტი. საუბარია  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 5-5-მილიონიან ტენდერზე. ვალდებულება ითვალისწინებს ოზურგეთსა და ჩოხატაურის 4-4 სოფელში საბავშვო ბაღების პროექტირება-მშენებლობას. ეს ორი ტენდერი შეფასების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანში მონაწილეობა სხვა კომპანიას არ მიუღია და „ლაგი კაპიტალი“ იყო ერთადერთი პრეტენდენტი.


აღნიშნულ ტენდერებში მოქმედი დეპუტატის ნათესავის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა. ირაკლი ზარქუა მმართველი პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი რუსულ კანონს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა კავშირში ნათესაური კავშირი ტენდერებში მონაწილეობასთან, ამისულაშვილი პასუხობს: „რა შუაშია ჩემი [ცოლის ძმა]. ყველაფერი იყო გამჭვირვალე“. 

კომპანიის დირექტორის, ბესარიონ დანელიას თქმით, ისინი პირველად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერში.

ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუაც, „TV პირველი“ უმსგავსო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ:

„ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად ატარა ეროვნული ნაკრების მაისური, ეროვნული დროშა, ყველა იცნობს, ვინ რას წარმოადგენს. ეტყობა ძველი რეჟიმის დროიდან ჰგონიათ, რომ ეს ასე ხდება. ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით, სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე, უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ეს არის თქვენი სტანდარტი. გეგონათ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდი. არა ბატონებო, პირიქით, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, უბნელს, ჩემს თბილისელებს, ჩემს წალენჯიხელებს, ვისაც გაქვთ კაპიტალი, გამოცდილება, შესაძლებლობა, რომ ღია, გამჭვირვალე, ტენდერებში მიიღოთ მონაწილეობა თამამად გააკეთეთ ეს, იმიტომ, რომ მეტი სკოლა და ბაღი უნდა აშენდეს, მეტი სპორტკომპლექსი, ღირსეულად და ხარისხიანად”, – განაცხადა ზარქუამ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...