Jump to content
Planeta.Ge

შსს-მ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თავის მხრივ, მამაკაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

lifti_cxedari.jpg

მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 64 წლის მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახეზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება. მათივე ვარაუდით, შემთხვევა წუხელ, გვიან მოხდა, რადგან დილიდან არც ხმაური გაუგიათ და არც რაიმე საეჭვო შეუნიშნავთ.

„როგორც გავიგე, ლიფტში ნახეს გარდაცვლილი დილით, 08:30 საათისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილის ახლობელმა.

შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ასევე, როგორც აღნიშნული კორპუსის, ისე მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის შესასვლელთან.

პოლიციის ლენტით შემთხვევის ადგილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...