გვარამიას პოლიტპატიმრობა და მედიის სხვა პრობლემები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება გამოთქვამდა სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების მიმართ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს შორის სახელმწიფო დერპარტამენტი გამოყოფს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. უწყება Amnesty International-ის დასკვნასაც იშველიებს, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიასთვის საპატიმრო სასჯელის დაკისრება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების აშკარა აქტი იყო და განპირობებული იყო გვარამიას განსხვავებული მოსაზრებებითა და ხელისუფლებისადმი კრიტიკით.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საქმე იწვევს შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების უკუსვლაზე. ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმე ასევე ფიგურირებს პოლიტიკური პატიმრების და სასამართლო პროცედურების ქვეთავებში.
2022 წლის ანგარიშში მედიის თავიუფლების საკითხის მიმოხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია გამოხატავს შეშფოთებას, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიაგამოცემების ან/და მათი მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური მოტივაციით აღიძრა. ამის მაგალითად ანგარიშში დასახელებულია ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ავთანდილ წერთლის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ 118 688 ლარით დაჯარიმებაც, ,„ფორმულასა“ და ტელეკომპანია „პირველის“ გაფრთხილება „შინ ევროპისკენ“ კამპანიის გარგლებში გაშვებული ვიდეორგოლისთვის, რომელიც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამად შეფასა.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ შეფასებით, ვიდეორგოლი პოლიტიკური არ იყო, რადგანაც ის არ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ვინმეს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მიეცათ ხმა. უწყების თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, საგანგაშოდ აფასებენ აღნიშნულ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის პრინციპებთან.
ამასთან, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტი მიმოიხილავს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ორ საქმეს, მათ შორის, საუბრობს ბაჩანა შენგელიასთვის საქმიანობის უფლების შეჩერებაზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტების დიდი რაოდენობის თქმით, გასულ წელს მთავრობამ შეუზღუდა საჯაარო ღონისძიებებზე დასწრება, აგრეთვე არ მიაწოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მაგალითისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას პარლმენტში არშეშვებას მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს კრიტიკული კითხვები დაუსვა. 2022 წლის მარტში კი, ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციური მედია არ დაუშვეს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ღონისძიებაზე, ხოლო სექტემბერში BMG-ს ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელზე თავდასხმის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ძალადობის ორგანოიზატორები კი ამ დრომდე არ გამოვლენილან.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოიხმობ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს გაიზარდა კრიტიკული მედიის წინაღმდეგ ცილისწამების საქმების წარმოების ტენდენცია. ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ ამგვარი 32 შემთხვევა ასახა და მიიჩნია, რომ მათი მიზანია კრიტიკული მედიაგამოცემებისთვის კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის მოტივაციის დაკარგვა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ შეშფოთების გამოხატვას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მმართველ პარტიას შორის კავშირის შესახებ. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გასული წლის აპრილში მედიის ადვოკატირების კოალიციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს უხელმძღვანელებდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც წარსულში იყო არხის გენერალური დირექტორი, მანამდე კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირიდან“ სამი ჟურნალისტის გათავისუფლება. კერძოდ, უწყება აღნიშნავს, რომ 29 აპრილს არხიდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე „საჯაროდ გაკეთბული ცრუ და დაუსაბუთებელი“ განცხადების ბრალდებით, ჟურნალისტები კი მაუწყებელს ცენზურაში ადანაშულებდნენ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათი თქმით, ტელეკომპანიას ჰქონდა ე.წ. შავი სია რესპონდენტებისა, რომელთა ინტერვიუების ჩაწერაც აკრძალული იყო. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბლოკავდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და საბჭოთა კავშირის „ომის დანაშაულებებზე“ რეპორტაჟების ეთერში გასვლას.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 22 დეკემბერს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელსაც მედიაკოალიცია და სხვა ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ის აუარესებს მედიაგარემოს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონი აფართოებს მედიაკონტენტზე კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობას და ცილისწამების საქმეებზე მტკიცების ტვირთი მედიაზე გადააქვს.
სახემწიფო ფეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ შეშფოთება ისმის თავდაცვის ყოფილი მისნისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან დკავშირებითაც. ანგარიშში მითითებულია, რომ მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში შიშობენ, რომ შესაძლოა ტელეკომპანიის დაყადაღება მოხდეს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედურად მარიკაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა საქმის წარმოების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყოს.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტი ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსაც აღწერს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში, დაუმტვრიეს აპარატურა. 2 მარტს კი ძალადობრივ ჯგუფებთან ასოცირებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ“ რატი წვერავას. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს, არჩილ ჭიჭიბოშვილსა და ხათუნა გაგნიძეს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, არცერთ შემთხვევაზე გამოძიება დასრულებული არ არის.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.