Jump to content
Planeta.Ge

უნგრეთმა პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა


უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაბლოკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს უნგრეთის მთავრობის პასუხიდან, რომელსაც გამოცემა INDEX-ი ავრცელებს.

გამოცემამ უნგრეთის მთავრობისგან მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდაპეშტს ვეტო არ დაუდია პუტინის დაკავების ორდერზე, არამედ „გამოვიდა რეზოლუციის წინააღმდეგ, რომლის გამოცემაც ჟოზეპ ბორელს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით სურდა“.

კომენტარში ნათქვამია, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა“. უნგრეთს მთავრობა ემხრობოდა პოზიციას, რომ ბორელს განცხადება მხოლოდ თავისი და არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით უნდა გაეკეთებინა.

ორშაბათს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ უნგრეთმა ერთობლივი განცხადება დაბლოკა, ამიტომ ბორელს მოუხდა თავისი სახელით გამოაქვეყნებინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მან „ცნობად მიიღო“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ორშაბათს ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გაავრცელეს თავიანთი განცხადება, რომელსაც უნგრეთმა არ მოწერა ხელი.

17 მარტს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: "ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე".

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას ბრალს სდებს სავარაუდო ომის დანაშაულებში - იძულებით დეპორტაციასა და მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლებაში. რაც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლით გენოციდად მიიჩნეოდეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ჩასათვლელად, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი სავარაუდო დანაშაულებზე.

რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და არ მონაწილეობს მის მუშაობაში. მოსკოვი არ არის მხარე რომის სტატუტის, რომელიც 2016 წლიდან სასამართლოს ქმედებებს არეგულირებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...