კობახიძე პუტინის დაკავების ორდერზე: ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუსვეს შეკითხვები.
7 მარტს ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დაკავების ორდერი გასცა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს.
„დამნაშავის იდენტიფიცირება ეს სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. აქეთ უნდა იყოს ყველას ყურადღება მიმართული.“ – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების შეკითხვებს არის თუ არა ჰააგის გადაწყვეტილება ისტორიული და რატომ ეშინია, პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, კობახიძემ უპასუხა, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში მშვიდობის დამყარება იქნება და „არავის არაფრის არ ეშინია“.
„ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ეს იქნება ისტორიული შედეგი და ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება“.
ჟურნალისტი: რატომ გეშინიათ, რომ პუტინს უწოდოთ სამხედრო დამნაშავე ?
„არავის არაფრის არ ეშინია. მე გაგახსენებთ 2008 წელს, ჯობდა მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. ჯობდა გორში კი არ გაქცეულიყო მაშინდელი, ე.წ. მთავარსარდალი, მანამდე შეშინებოდა. შიში არის საჭირო მაშინ როცა უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს, როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით – ომამდე არ ჰქონდათ შიში და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით, უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო თუნდაც იმის გამო რომ დაიცვა მშვიდობა და ეს შიში არამარტო გამართლებულია, რამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.