Jump to content
Planeta.Ge

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.

„როგორც ცნობილია, თავის დროზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ გაფლანგვის მუხლით, ხოლო ალექსანდრე ნინუასთან მიმართებით გამოყენებული იყო გულგრილობის მუხლი. შესაბამისად, მათ მიერ მიყენებული ზიანის სოლიდურობა სასამართლომ ამიტომ ვერ დაინახა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთადერთი რისი გაკეთებაც კანონიერად შეეძლო, ეს იყო გაეუქმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც მოსარჩელე მხარე სასამართლოში მიდის და ამტკიცებს, რომ მეორე მხარეს მისთვის თანხა აქვს გადასახდელი ზიანის ასანაზღაურებლად, ის ვალდებულია მტკიცებულებები წარადგინოს, რომელიც ზიანის ოდენობას ადასტურებს. არც უზენაეს სასამართლოს განაჩენში, რომელშიც პოლიტიკური მოტივებით, მაგრამ მსჯავრდებულად იქნა ცნობილი დავით კეზერაშვილი და არც რაიმე სხვა დოკუმენტში აღნიშნული არ არის, რა იყო ზიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა მიდგომოდა ამ გამოგონილი დანაშაულის შედეგად. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი იყო თბილისის საქალაქო სასამართლომ რაზე დააფუძნა ეს კალკულაცია და რით დაადგინა რიცხვი 5 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც თავის დროზე გადასახდელად დააკისრა ორივე პირს. შესაბამისად ჩემთვის დღესაც, გაურკვეველია რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ, რა დოკუმენტს ეყრდნობა, როდესაც ადგენს, რომ დანაშაულის შედეგად გარკვეული ზიანი იქნა დადგენილი", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...