Jump to content
Planeta.Ge

შოთა, რომელმაც მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა იპოვა


მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.

შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო, მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ იქცეოდა.

შოთამ ეს რვა მარტს, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ინტერნეტსა და მედიაში ვირუსულად გავრცელდა ჭავლთან დროშით მებრძოლი ქალის ვიდეო და ფოტოები. შოთამ დროშა ბამბუკის ტარით ამოიცნო:

შოთა კასრაძე
შოთა კასრაძე

„იმ ღამეს, პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ იმ ქაოსში, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში, დროშა ძირს დავარდა. როგორც კი ჩიტაძეზე ავირბინე, დროშა დავინახე. ქვაფენილზე ეგდო. ბამბუკის ტარი სამ ადგილას იყო გადატეხილი. მაშინვე მოვხსენი დროშა, დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ დროშა არ უნდა ეგდოს ძირს. მით უმეტეს, როცა ეს შენთვის ძვირფასი დროშაა, ევროპული ოჯახის დროშა. იმ ოჯახის დროშა, სადაც შენ უნდა შეხვიდე, არ უნდა დახიო, არ უნდა დაწვა, ფეხით არ უნდა გადაუარო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში, მთავარი ინსტინქტი შესაძლოა, გაქცევა ყოფილიყო, არც კი გამივლია გულში, რომ დროშა იქვე დამეტოვებინა და არ წამომეღო“.

მეორე დღეს, როცა გააცნობიერა, რომ დროშა, რომელიც ჯიბით მიიტანა სახლში, აქციების მთავარ სიმბოლოდ იქცა, მისი ემოცია მძაფრი და ამაღელვებელი იყო:

„ეს ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარაა. ეს კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო კი შემთხვევით თუ ბედის გამართლებით, ჩემს ხელში აღმოჩნდა. ვუყურებდი ფოტოს და ჩემს წინ გაფენილ დროშას და ვფიქრობდი, რომ ეს დროშა, ეს სიმბოლო, მე ვიპოვე. ამ აქციებზე მისვლის და დგომის მთავარი მიზეზიც ხომ ის იყო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადაედგა ისეთი ნაბიჯი, მიეღო ისეთი კანონი, რომელიც მკვეთრად დაგვაშორებდა ევროპას. ნებისმიერი სწორად მოაზროვნე ადამიანის პირდაპირი მოვალეობა იყო, რომ იმ დღეებში რუსთაველზე მდგარიყო და ქართველი ხალხის სურვილი ევროპულ ოჯახში გაერთიანებისა, ხმამაღლა და ნათლად გამოგვეხატა და ახლა ეს დროშა, ეს მთავარი სიმბოლო ჩემთან იყო“.

შოთამ 7 მარტს, დემონსტრანტების დაშლისას, სახის არეში დაზიანება მიიღო. როგორც მეუბნება, ქვა, რომელიც მას სახეში მოხვდა, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ესროლა:

შოთა კასრაძე, პარლამენტის წინ, 7 მარტის აქციის დაშლის დროს მიღებული დაზიანება
შოთა კასრაძე, პარლამენტის წინ, 7 მარტის აქციის დაშლის დროს მიღებული დაზიანება

„მას შემდეგ, რაც დროშა ჯიბეში ჩავიდე, რამდენიმე წუთში ქვა მომხვდა სახეში. ეს ქვა სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან იყო ნასროლი და ეს კადრი რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერშიცაა დაფიქსირებული, რომელიც მომდევნო დღეებში ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა. ყველაზე რთული იყო ხალხის დარწმუნება, რომ ქვა, რომელიც მომხვდა, არ იყო მომიტინგის ნასროლი და ის "რობოკოპების" მხრიდან იყო ნასროლი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამის დამადასტურებელი კადრი აღმოვაჩინეთ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდა".

როგორც კი შეიტყო შოთამ, ვინ იყო ქალი, რომელიც წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით იბრძოდა, მაშინვე მისწერა, რომ დროშა, რომელიც დაკარგა, მას ჰქონდა:

მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული დროშა
მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული დროშა

„როგორც ჩანს, იმ პერიოდში, იმდენი ადამიანი სწერდა და უკავშირდებოდა მას, რომ ჩემი მიწერილი სხვა გზავნილებში ჩაეკარგა და აი, ორი-სამი დღის წინ გამომეხმაურა. შევთანხმდით, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუბრუნებ ნანას დროშას“.

ინტერვიუში, რომელიც ნანა მალახშიამ 11 მარტს რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად მისცა, ამბობდა, რომ დროშა, რომელიც მან 7 მარტის ღამეს პარლამენტთან ააფრიალა, მართალია დაკარგა, მაგრამ ამაზე არ დარდობდა, რადგან იცოდა, რომ ის ქართველ ხალხს ეკუთვნოდა:

„მე არ ვიცი, დღეს ის დროშა სად არის, მაგრამ ეს არის გარდამავალი დროშა, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა“.

დღეს ნანამ უკვე იცის, სად არის სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა და მასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმაც აქვს:

ნანა მალაშხია
ნანა მალაშხია

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ დროშა ვერ გამოვართვი შოთას. ამ დროშას დროებით შევინახავ და შემდეგ მას აუცილებლად გადავცემ ევროპარლამენტს, როგორც საქართველოს მოქალაქეების მისწრაფების კიდევ ერთ გზავნილს ევროპულ ოჯახში მისაღებად. ჯერჯერობით, ზუსტი დრო და გზა არ ვიცი, როდის და როგორ გადავცემ დროშას ევროპარლამენტს, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ, თუნდაც ფოსტის საშუალებით“.

47 წლის ნანა მალაშხია, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, საჯარო მოხელეა, ის თბილისის მერიაში, ერთ-ერთ დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

 


პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა, მარტის შუა რიცხვებში მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები.

ნანა მალაშხია და ევროკავშირის დროშა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოექცა არაერთი ევროპარლამენტარის ყურადღების ცენტრში.

ევროპარლამენტარები ნანას სიმამაცისა და ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლოდ მოიხსენიებენ.

მათ შორისაა, ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ვლად გეორგე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პირადი წერილიც გაუგზავნა ნანას და მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სიმამაცისთვის.

17 მარტს, ვლად გეორგემ „ტვიტერში“ დაწერა:

„გახსოვდეთ ქართველი გმირი, რომელიც წყლის ჭავლს თავისი იარაღით - ევროკავშირის დროშით ებრძვის. ნანა არის როლური მოდელი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი. უყურეთ მის ინტერვიუს. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.

 

14 მარტს, 45-წუთიან დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, უნგრელმა დეპუტატმა, კატალინა ჩემ ნანა მალაშხიას „ძლიერი სიმბოლო“ უწოდა, „რომელიც აჩვენებს, რამდენს ნიშნავს ევროპული პროექტი" ქართველი ხალხისთვის.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი ნიდერლანდიდან, თის როიტენი 8 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას და იქ, ნანა მალაშხიას მიერ აფრიალებულ დროშას:

"მამაცურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მინიშნება. რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველო არის ევროპა", - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 


საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 7 მარტს, პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ".

7-8 მარტს, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლდმდენ გაზსა და ე.წ. "წიწაკის სპრეის". მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...